საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ონლაინ სავაჭრო პლატფორმების, მათ შორის TEMU-სა და სხვა მსხვილი მოთამაშეების, ადგილობრივი ბიზნესის მსგავსად დაბეგვრის ინიციატივაზე საქართველოს საცალო და ელექტრონული კომერციის ასოციაცია მუშაობს.
როგორც გადაცემაში „ბიზნესი რუსთავი 2-ზე“ ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ გოგოლაშვილმა განაცხადა, ინიციატივის მიზანია ადგილობრივ და საერთაშორისო მოთამაშეებს შორის კონკურენტული პირობების გათანაბრება.
„ჩვენი ასოციაცია მუშაობს ინიციატივაზე, რომელიც გვინდა წარვუდგინოთ სამინისტროს შემდგომი რეაგირებისთვის. მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა ონლაინ ამანათების რაოდენობა და ადგილი აქვს ფაქტობრივად, ექსპანსიას, რომელიც ხორციელდება საერთაშორისო გიგანტი პლატფორმების მიერ - მათ შორის, არის TEMU და სხვა. ეს არ არის მხოლოდ ერთი პლატფორმის მხრიდან, ძალიან ბევრი პლატფორმაა, რომელიც პირდაპირ საქართველოში აწარმოებს ელ. კომერციას.
ჩვენ ამას დღეს ვეძახით საფოსტო გზავნილებს, თუმცა ეს ძალიან დიდი ხანია გაცდა საფოსტო გზავნილების თემატიკას და უკვე ორგანიზებული იმპორტის სახე მიიღო. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ საერთაშორისო პლატფორმები ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან იმგვარად, რომ არანაირ გადასახადებს ბიუჯეტში არ იხდიან.
ეს რა თქმა უნდა, პრობლემების წინაშე აყენებს სექტორს - ვინაიდან, საცალო და ელ. კომერციის სექტორი უთანასწორო მდგომარეობაში დგება. იქ, სადაც საერთაშორისო მოთამაშეები არანაირ გადასახადს არ იხდიან ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში, ადგილობრივი წარმომადგენლები იხდიან როგორც დღგ-ს გადასახადს, ისე სხვა მოსაკრებლებს და იცავენ სერტიფიცირების სხვადასხვა წესს და ა.შ. შესაბამისად, მივიღეთ უთანასწორო მდგომარეობა.
არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი მსოფლიო უკვე ამ პრობლემაზე საუბრობს. ევროკავშირმა და აშშ-მ უკვე მიიღეს შესაბამისი ზომები ამ ექსპანსიასთან დაკავშირებით, ანუ SOS სიგნალი ჩართეს. ჩვენთვის არსებობს ძალიან კარგი პრაქტიკა, რომელიც ევროკავშირმა მიიღო. ის აპირებს ზღვარის გაუქმებას, რაც ჩვენთან არის 300 ლარი, თუმცა ჩვენი ინიციატივა ეხება იმ თემას, რომ ადგილობრივი ბიზნესის მსგავსად უნდა დაიბეგროს საერთაშორისო პლატფორმები.
ჩვენ გვაქვს პრაქტიკა, როდესაც Google, YouTube და ა.შ. საქართველოს ბიუჯეტში ჩვეულებრივად იხდიან დღგ-ს გადასახადს, ვინაიდან ეკონომიკური საქმიანობის გაწევა ჩვენს ტერიტორიაზე ხდება. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ ამ პლატფორმებმაც, ბიზნეს სუბიექტებმა, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებენ, გამოყონ ციფრული დღგ და შემდგომ უკვე გადაიხადონ საქართველოს ბიუჯეტში. ეს მეტ-ნაკლებად გაათანაბრებს პირობებს ადგილობრივი იმპორტიორებისა და საერთაშორისო პლატფორმებს შორის“, – აცხადებს თამარ გოგოლაშვილი.