ღვინო "ციალი" პოლონეთის ბაზარზე გასასვლელად ემზადება. როგორც ბრენდის თანადამფუძნებელი თათა საური "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, აღნიშნულ ბაზარზე პირველი ექსპორტი მიმდინარე წელს განხორციელდება.
მისივე ინფორმაციით, ღვინო "ციალი" ამ ეტაპზე, ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, თუმცა გასულ წელს კომპანია ჩინეთის ბაზარზეც გავიდა.
თათა საურის განცხადებით, პროდუქციის მიმართ მოთხოვნა განსაკუთრებით ახალი წლისა და სადღესასწაულო პერიოდებში იზრდება და გასულ წლებთან შედარებით, მოთხოვნა დაახლოებით, 60%-ით გაიზარდა.
"ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ განსხვავებულ და ჯადოსნურ პროდუქტს, რომელიც განსაკუთრებულ ემოციას ქმნის. ჩვენი "ციალის" ხაზი მოიცავს სამ გამორჩეულ ბრჭყვიალა ღვინოს: ვარდისფერს, ცისფერსა და თეთრს ამავდროულად, ვმუშაობთ ტრადიციული ღვინის ხაზის განვითარებაზეც, რომელიც მალე ჩაეშვება გაყიდვაში.
ამ ეტაპზე, ჩვენი ნაწარმი როგორც ონლაინ, ასევე რამდენიმე ღვინის მაღაზიაში იყიდება და მისი ფასი, საშუალოდ 45 ლარს შეადგენს. თუმცა, მიმდინარე წელს, ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციო არეალის გაფართოება იგეგმება და კომპანია მოლაპარაკებებს ბრენდულ ღვინის ბუტიკებსა და HoReCa სექტორთან აწარმოებს. ჩვენს ღვინოს უფრო სასაჩუქრედ და ღონისძიებებისთვის ყიდულობენ, რადგან ციალი ბრჭყვიალა მომენტებისთვის არის შექმნილი", - აცხადებს თათა საური.
როგორც მეღვინეობის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, ბიზნესის განვითარების პროცესში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის მომხმარებლისთვის ახალი კატეგორიის ღვინის გაცნობა და მისი ცნობადობის გაზრდა, რადგან ბრჭყვიალა და ფერადი ღვინო საქართველოში ჯერ კიდევ შედარებით ახალი მიმართულებაა.
სამომავლოდ, ექსპორტის განვითარების შემდეგ, საოჯახო მეღვინეობა "ფერადი გრადუსი" საკუთარი საწარმოს მშენებლობასაც გეგმავს.
ცნობისთვის, მეღვინეობა "ფერადი გრადუსი" ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და მისი წარმოება სრულად ფერადი ღვინოების შექმნაზეა ორიენტირებული. მეღვინეობის ბრჭყვიალა ღვინო "ციალი" კი ბაზარზე 2024 წელს გამოჩნდა. ღვინო კახეთში, ერთ-ერთ ბრენდულ საწარმოში იწარმოება. კომპანია კი ყურძენს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს.