ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის, თორნიკე სულაბერიძის ცნობით, კომპანია Akshaya Group Starbucks-ის ქსელის გაფართოებას გეგმავს და ახალი ფილიალების გახსნის შესაძლებლობას არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც განიხილავს. მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი შესაძლო ლოკაცია ბათუმია.
როგორც თორნიკე სულაბერიძე გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-ზე" აღნიშნავს, თბილისში Starbucks-ის ფილიალი გუშინ ოფიციალურად გაიხსნა.
"უკვე მიმდინარეობს ლოკაციების შერჩევა, რაშიც ჩვენც აქტიურად ვართ ჩართული. თბილისის გარდა, განიხილება ბათუმი, ასევე სხვა ქალაქებიც. გამომდინარე მაღალი მოთხოვნიდან, რომელიც Starbucks-ის გახსნას პირველივე დღიდან მოჰყვა, კომპანიას სურს, ახალი ფილიალები რაც შეიძლება სწრაფად გახსნას", - აცხადებს თორნიკე სულაბერიძე.
ცნობისთვის, თბილისში Axis Towers-ში Starbucks-ი 3 ივლისს გაიხსნა. საქართველოში Starbucks-ის მაღაზიები Alshaya Group-თან პარტნიორობით გაიხსნა, რომელიც Starbucks-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ლიცენზირებული პარტნიორია მსოფლიოში.
Starbucks-ის ბრენდის შემოსვლა საქართველოში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში", საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ქუვეითში საქართველოს საელჩოსა და საქართველოში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.
Alshaya Group ევრაზიაში Starbucks-ის 800-ზე მეტ ობიექტს მართავს თურქეთში, ყაზახეთში, აზერბაიჯანსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში.
Starbucks მსოფლიო ბაზარზე 1971 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს სპეციალიზებული ყავის ერთ-ერთ წამყვან მომწოდებელს. დღეს კომპანიის ქსელი 40 000-ზე მეტ ობიექტს მოიცავს.