logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

"აუცილებელია, ელექტროენერგიის შიდა მოხმარების ზრდაზეც ვიფიქროთ" - გიორგი მარგებაძე

„აუცილებელია, ვიფიქროთ არა მხოლოდ ახალი გენერაციის განვითარებაზე, არამედ ელექტროენერგიის შიდა მოხმარების ზრდაზეც. მაგალითად, მაისსა და ივნისში, როდესაც ჭარბი ელექტროენერგია გვაქვს, ეს ბუნებრივად ნიშნავს, რომ ტარიფიც შეიძლება უფრო დაბალი იყოს. სწორედ ამ პერიოდში უნდა შევქმნათ დამატებითი მოთხოვნა.” - ამის შესახებ მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მარგებაძემ “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლებელია ეს გამოყენებული იყოს სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით და ერთ-ერთი გამოსავალი შეიძლება იყოს სარწყავი სისტემების უფრო აქტიური გამოყენება.

“საბჭოთა პერიოდში დაახლოებით 400 მეგავატის სიმძლავრის სატუმბი სადგურები მუშაობდა, დღეს კი მხოლოდ 80 მეგავატია დატვირთული. როდესაც სარწყავი ინფრასტრუქტურა გაფართოვდება და სოფლის მეურნეობა განვითარდება, ელექტროენერგიის მოხმარებაც მნიშვნელოვნად გაიზრდება.

იგივე მიდგომა შეიძლება გავრცელდეს ენერგოინტენსიურ საწარმოებზე, მაგალითად, ფეროშენადნობებისა და მეტალურგიის სექტორზე. თუ მათ წინასწარ ეცოდინებათ, რომ მაის-ივნისში ელექტროენერგია უფრო იაფი იქნება, შეძლებენ წარმოების დაგეგმვას სწორედ ამ პერიოდზე. შედეგად, დამატებით დაახლოებით 100 მეგავატის, ან შესაძლოა უფრო დიდი მოცულობის მოხმარების შექმნაც გახდეს შესაძლებელი.”- ამბობს მარგებაძე.

მისივე თქმით, სექტორმა უნდა იფიქროს ახალი მიმართულებების განვითარებაზე, მაგალითად, მონაცემთა ცენტრების ან ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის მოზიდვაზე, სადაც დაბალი ტარიფი კონკურენტულ უპირატესობას შექმნის.

“სამუშაო ბევრია, მხოლოდ ექსპორტზე, შავი ზღვის კაბელზე და ელექტროენერგიის გატანაზე არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული. პარალელურად აუცილებელია შიდა მოხმარების ზრდა და ისეთი ეკონომიკური სექტორების განვითარება, რომლებიც ქვეყანაში წარმოებულ ელექტროენერგიას მაქსიმალურად გამოიყენებენ.“ - აღნიშნა გიორგი მარგებაძემ.

გამოგვყევით