საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზების მშენებლობის, რეაბილიტაციის, მოვლა-შენახვისა და პერიოდული შეკეთების პროცესში შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლს სისტემატურად ახორციელებს.
ამ ეტაპზე, დეპარტამენტის მონიტორინგისა და ხარისხის კონტროლის სამსახური საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზის კმ0–კმ6+560 (ლოტი 1) მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარისხს ამოწმებს.
აღნიშნულ მონაკვეთზე განხორციელდა საფუძვლის ფენების ტკეპნის ხარისხის შემოწმება სტატიკური ფილისა და დეფლექტომეტრის გამოყენებით. ასევე, თანამედროვე ხელსაწყოების მეშვეობით ჩატარდა სამშენებლო მოედნის გეოდეზიური კონტროლი, შესრულებული სამუშაოების საპროექტო პარამეტრებთან შესაბამისობის დასადგენად.
ხარისხის კონტროლის ფარგლებში მოწმდება ასფალტ-ბეტონის ნარევი და საფარი, ბეტონი და ბეტონის ნარევი, შემკვრელები, ქვის მსხვილი და წვრილი შემავსებლები, არმატურა, გრუნტები და საფუძვლის ფენები. კონტროლი ასევე მოიცავს გზების საექსპლუატაციო პარამეტრებს, საგზაო ნიშნებსა და მონიშვნებს, ფერდების მდგომარეობასა და უსაფრთხოებას, ასევე საინჟინრო ნაგებობების მდგომარეობას.
შემოწმების შედეგად მომზადებული დასკვნების საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, ხორციელდება შესაბამისი რეაგირება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონიტორინგისა და ხარისხის კონტროლის სამსახური სამუშაოების ხარისხის შემოწმებას პროექტის ყველა ეტაპზე გააგრძელებს.