logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ვარძიასთან ახლოს ₾250 000-იანი ინვესტიციით კოტეჯების კომპლექსი Rivendell Vardzia გაიხსნა

ვარძიასთან ახლოს, სოფელ თმოგვში კოტეჯების კომპლექსი Rivendell Vardzia გაიხსნა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება ₾250 000-ს შეადგენს.

როგორც კოტეჯების დამფუძნებელი ლაშა ზაზაძე "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, ობიექტის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ტურისტების მხრიდან დაინტერესება მაღალია.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე Rivendell Vardzia 60%-იანი დატვირთვით მუშაობს. სტუმრების ძირითადი ნაწილი კი ევროპული ქვეყნებიდან, მათ შორის გერმანიიდან, შვეიცარიიდან და პოლონეთიდან არიან.

"კოტეჯებში ჯამში 15 სტუმრის განთავსებაა შესაძლებელი. ობიექტი ტურისტულად საკმაოდ დატვირთულ ადგილას მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე ახლახან შევედით, მომხმარებლების მხრიდან დაინტერესება მაღალია. ამ ეტაპზე ობიექტი დაახლოებით 60%-იანი დატვირთვით მუშაობს და მომავალი წლიდან კიდევ უფრო მაღალი შედეგებია მოსალოდნელი. სტუმრების ძირითად სეგმენტს ევროპელი ტურისტები წარმოადგენენ, მათ შორის არიან ვიზიტორები - შვეიცარიიდან, პოლონეთიდან და გერმანიიდან. ასევე აქტიურია მოთხოვნა ისრაელიდან ჩამოსული ტურისტების მხრიდან.

რაც შეეხება გაფართოების გეგმებს, მომავალი წლიდან გასართობი ინფრასტრუქტურის განვითარებას ვაპირებ. კერძოდ, ტურისტულ ობიექტს დაემატება ბავშვთა გასართობი სივრცე, საცურაო აუზი და საბილიარდო. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით ₾80 000-ს შეადგენს", - აცხადებს კოტეჯების მფლობელი.

ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი რეგიონში არსებული გამოწვევების შესახებაც საუბრობს და განმარტავს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არის სოფლები, სადაც გადაადგილების, მათ შორის გზების ინფრასტრუქტურის პრობლემა კვლავ აქტუალურია.

"რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ გამოწვევებს, ვარძიასთან დამაკავშირებელი გზა მოწესრიგებულია - ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, როგორც მუნიციპალიტეტის, ისე შესაბამისი სამსახურების მხრიდან ყურადღება ექცევა. თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე არის სოფლებიც, სადაც გადაადგილების, მათ შორის გზების ინფრასტრუქტურის პრობლემა კვლავ აქტუალურია. უშუალოდ ტურისტულ ობიექტზე ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების პრობლემა არ არის", - ამბობს ლაშა ზაზაძე.

ცნობისთვის, Rivendell Vardzia ვარძიადან 5 კილომეტრში სოფელ თმოგვში მდებარეობს. ტურისტული ობიექტი ჯამში 3 კოტეჯისგან შედგება, სადაც ჯამში 15 პერსონის განთავსებაა შესაძლებელი. ადგილობრივ ბაზარზე კი 4 თვეა ოპერირებს.

გამოგვყევით