logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ჩვენთან ყველაზე ხშირად ხელის თხოვნის ცერემონიალი ტარდება" - "სიყვარულის სახლი რაჭაში"

ამბროლაურის რაიონში, შაორის ტბასთან მდებარე ტურისტული ობიექტის "სიყვარულის სახლი რაჭაში" დამფუძნებლის, ავთანდილ კობახიძის ინფორმაციით, სასტუმრო მაისის თვიდან აქტიურ რეჟიმში მუშაობს, ხოლო აგვისტოს თვე უკვე სრულადაა დაჯავშნილი.

როგორც ავთანდილ კობახიძე "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, ნაწილობრივ სექტემბერიც დაკავებულია. მისივე ცნობით, დამსვენებლების დიდი წილი ადგილობრივ მოსახლეობაზე მოდის, ხოლო ობიექტზე განსაკუთრებით ხშირად ხელის თხოვნის ცერემონიალი ტარდება.

"ზამთარში ჯავშნები გამიუქმდა, რადგან გზები დაკეტილი იყო, ხოლო მაისიდან სრული დატვირთვით ვმუშაობ. ვცდილობ, მომხმარებელს განსხვავებული გარემო შევთავაზო. ძველი რაჭული სახლი მაქვს აშენებული, გარდა ამისა ინტერიერი ისე მაქვს მოწყობილი, რომ მომხმარებლებს კარგი ფოტოების გადაღების შესაძლებლობა აქვთ. განსაკუთრებით ხშირად გვაქვს, ხელის თხოვნის ცერემონიალი. 

მომხმარებლების დიდი წილი ადგილობრივ მოსახლეობაზე მოდის, უცხოელები იშვიათად ჩამოდიან. მხოლოდ რამდენჯერმე მყავდნენ ფრანგი სტუმრები. კარგი იქნება, თუ რაჭის პოპულარიზაცია კიდევ უფრო გაიზრდება. რეგიონში საკმაოდ ბევრი გამოწვევაა, მაგალითად, ზოგ ადგილებში გაზიფიცირება არ არის, ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურაა მოსაწესრიგებელი, კვების ობიექტების დაფიციტიც გვაქვს. კარგი იქნება თუ რაჭა უფრო გააქტიურდება - მაგალითად, შარშან მუსიკალური ფესტივალი ჩატარდა, რასაც ტურისტების რაოდენობის ზრდაზე დიდი გავლენა ჰქონდა. როდესაც აღნიშნული პრობლემები მოგვარდება, ინვესტორებიც გამოჩნდებიან და რეგიონი უფრო ფუნქციური გახდება", - აცხადებს ავთანდილ კობახიძე.

ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი კორპორაციული ტურების შესახებაც საუბრობს და განმარტავს, რომ ნოემბრიდან აღნიშნული მიმართულების გააქტიურებას გეგმავს.

"ნოემბერში, თუ თოვლმა ხელი არ შემიშალა კორპორაციული ტურების გაკეთებას ვგეგმავ - მინდა სხვადასხვა დაწესებულებას მოვემსახურო. ზოგადად, აღნიშნული სეგმენტის მხრიდან მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, უკვე რამდენიმე ბანკსაც ვუმასპინძლეთ. გაფართოებას რაც შეეხება - მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე ვაპირებ, თუმცა ახლა საინვესტიციო ღირებულების თქმისგან თავს შევიკავებ", - აღნიშნავს ავთანდილ კობახიძე.

ცნობისთვის, "სიყვარულის სახლი რაჭაში" ამბროლაურის რაიონში შაორის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს და 4 ნომრისგან შედგება. ადგილობრივ ბაზარზე კი 2 წელია ოპერირებს. 

გამოგვყევით