„საქართველოს რკინიგზის“ სამგზავრო მიმართულებით მიმდინარე მასშტაბური რეფორმების პარალელურად, რაც მგზავრობის დროის შემცირებას, ახალი მატარებლების შესყიდვასა და ახალი მიმართულებების დამატებას მოიცავს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მგზავრთა უფლებების დაცვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და განვითარება“ - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანი.
მისი თქმით, სამინისტრომ აქტიურად იმუშავა მგზავრთა უფლებების დაცვის სტანდარტზე, რომელიც მინისტრის შესაბამისი ბრძანებით უკვე დაინერგა.
„შემოდის მნიშვნელოვანი საკითხები და ასპექტები, როგორიც არის დაგვიანების შემთხვევაში კომპენსაციის წესის დანერგვა, ასევე შესაბამისი საფასურის ანაზღაურება. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ შშმ პირებისთვის სარკინიგზო მომსახურების ხელმისაწვდომობის საკითხს. შესაბამისად, „საქართველოს რკინიგზის“ მიზანია კომფორტულ და სწრაფ მომსახურებასთან ერთად, მგზავრებს ხარისხიანი და სანდო მომსახურება მიაწოდოს“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით „რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესი“ დამტკიცდა. აღნიშნული წესი ხელს შეუწყობს სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მგზავრთა უფლებების დაცვის ერთიანი, ეფექტიანი და გამჭვირვალე სისტემის ჩამოყალიბებას, მომსახურებისა და სანდოობის ხარისხის ამაღლებას.