შვეიცარიის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა Google-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
Reuters-ის ინფორმაციით, შვეიცარიის კონკურენციის კომისია იკვლევს, დაარღვია თუ არა Google-მა კონკურენციის წესები Android-ის ოპერაციულ სისტემაში განხორციელებული ცვლილებით. საუბარია ფუნქციაზე, რომელიც მომხმარებლებს ახალი Android-სმარტფონის პირველადი კონფიგურაციისას სასურველი საძიებო სისტემის არჩევის შესაძლებლობას აძლევდა.
მარეგულირებლის ინფორმაციით, Google-მა ეს ე.წ. Choice Screen-ი შვეიცარიაში გააუქმა, რის შედეგადაც მოწყობილობებზე ნაგულისხმევ საძიებო სისტემად ავტომატურად Google Search-ი არის დაყენებული. ამავე დროს, ევროპის ეკონომიკური სივრცის ქვეყნებში მომხმარებლებს არჩევანის შესაძლებლობა კვლავ აქვთ. კომისია ასევე მიიჩნევს, რომ ნაგულისხმევ პარამეტრებს ციფრულ ბაზარზე გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რეგულატორის შეფასებით, არჩევანის გაუქმებამ შესაძლოა კონკურენტი საძიებო სისტემების ხილვადობა შეამციროს, ბაზარზე შესვლა გაართულოს და შვეიცარიელი მომხმარებლები არათანაბარ პირობებში ჩააყენოს ევროპელ მომხმარებლებთან შედარებით.
წინასწარი გამოძიება დაადგენს, არსებობს თუ არა შვეიცარიის კარტელური კანონის დარღვევის ნიშნები. Google-მა განაცხადა, რომ გამოძიების შესახებ ინფორმირებულია და მზად არის სრულად ითანამშრომლოს მარეგულირებელთან.
კომპანია დეტალურ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. ანალიტიკური კომპანია Statcounter-ის მონაცემებით, Google შვეიცარიის საძიებო სისტემების ბაზრის დაახლოებით 82%-ს აკონტროლებს, რის გამოც გამოძიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კონკურენციის პოლიტიკის თვალსაზრისით.
თამარ გაზდელიანი
ფოტო: Reuters