2026 წლის ივლისში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 4.1%-ით შემცირდა, თუმცა გაიზარდა ექსპორტი, რის გამოც ჯამური მოთხოვნა უცვლელი დარჩა (+0.2% წ/წ). ამის შესახებ Galt & Taggart-ის განახლებულ პუბლიკაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, ექსპორტის ზრდა გამოიწვია თურქეთში საბითუმო ფასების ზრდამ ($c 5.9 ივლ-26 vs $c 2.9 ივნ-26) და ესკოს ბარტერმა (ექსპორტის 76.8%).
"2026 წლის ივლისში ჰიდროგენერაცია წლიურად 3.9%-ით გაიზარდა, ჰიდროლოგიური პირობების დამსახურებით. მოთხოვნა-მიწოდებას შორის სიჭარბე, წინა 2 თვის მსგავსად ივლისშიც დაფიქსირდა, რამაც ელექტროსისტემის მხრიდან გენერაციის შეზღუდვა გმოიწვია. ჩვენი შეფასებით გენერაციის შეზღუდვა დაახლოებით 5%-ს შეადგენდა, ხოლო ბარტერის გარეშე ეს მოცულობა გაიზრდებოდა 10-15%-მდე. ბარტერმა, ერთი მხრივ, ჭარბი ჰიდროგენერაციის ათვისებას შეუწყო ხელი, თუმცა, მეორე მხრივ, საბალანსო ელექტროენერგიის გასაყიდი ფასი მნიშვნელოვნად, დაახლოებით 25%-ით შეამცირა - კვტ.სთ-ზე 4.3 აშშ ცენტამდე.
2026 წლის პირველმა შვიდმა თვემ საქართველოს ელექტროენერგეტიკის ძირითადი გამოწვევები მკაფიოდ წარმოაჩინა: 1) 2026 წლის საექსპორტო სეზონზე თურქეთში დაბალმა ფასებმა გამოკვეთა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების საჭიროება; 2) იანვარ–აპრილში გაზრდილმა იმპორტმა, მაის–ივლისში გენერაციის შეზღუდვებმა და შემცირებულმა ექსპორტმა სეზონური დისბალანსის პრობლემა კიდევ ერთხელ აჩვენა. არსებული დინამიკა ზრდის წყალსაცავიანი ჰესების, ქარის ელექტროსადგურების, ენერგიის დაგროვებისა და საექსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობას", - ვკითხულობთ ინფორმაციასი.