გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის მომავალ წელს გამოყოფილი თანხა 985 მილიონი ლარია, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2027 წელს დასაფინანსებელი პროექტებისთვის სამინისტროს მიმდინარე წელს დამატებით გამოეყოფა 195 მილიონი ლარი, სამინისტროს მომდევნო წლის რეალური ბიუჯეტი 1 მილიარდ 180 მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის:
სურსათის უვნებლობის მიმართულებით გამოყოფილია 111 მილიონ ლარამდე;
მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაზე, მიმდინარე წელს გამოყოფილ თანხასთან ერთად, ჯამში, დაიხარჯება 113,0 მილიონ ლარზე მეტი;
ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში გამოყოფილი თანხა შეადგენს 387 მილიონ ლარზე მეტს.
პროგრამის ფარგლებში, მომდევნო წლიდან 27 მილიონი ლარია გათვალისწინებული მეცხოველეობის, მეფრინველეობას და აკვაკულტურის განვითარების ახალ მიმართულებებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს რიგი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ადგილობრივი წარმოების ზრდას.
თითქმის ოთხჯერ გაიზარდა და 30 მილიონი ლარია გათვალისწინებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსებაზე.
ახალი პროგრამებია გათვალისწინებული მცირე საოჯახო მეურნეობების ხელშეწყობის და საწარმოო დანახარჯების თანადაფინანსების მიმართულებით. შესაბამისად, 5 მილიონი და 20 მილიონი ლარის ოდენობით.
სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და მის ექსპლოატაციაზე, მიმდინარე წელს გამოყოფილ თანხასთან ერთად, ჯამურად, მიიმართება 233 მილიონ ლარზე მეტი.
მომდევნო წელს მნიშვნელოვნად გაძლიერდება სოფლის მეურნეობის ლაბორატორია, რომლის დასაფინანსებლად გამოყოფილია 17 მილიონ ლარზე მეტი.
მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით, მიმდინარე წელს გამოყოფილ თანხასთან ერთად, სამინისტროს ფარგლებში 2027 წლის ბიუჯეტი 55 მილიონ ლარს აჭარბებს.
სამინისტროს გარდა, მყარი ნარჩენების მიმართულებით თანხები გამოყოფილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისთვის 41 მილიონი ლარი, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის 40 მილიონი ლარი, შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით ჯამური დაფინანსება 136 მილიონ ლარს აჭარბებს.
სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში, გარემოსდაცვითი სხვა პროგრამების დაფინანსება, მიმდინარე წელთან შედარებით, გაზრდილია 44 მილიონ ლარზე მეტით და 182 მილიონ ლარს აღემატება.