logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ბლუტაბლა" 2027 წელს კერამიკის საწარმოს გახსნას გეგმავს

"ბლუტაბლა" კერამიკის საწარმოს გახსნას გეგმავს. როგორც ქართული ისტორიის, ხელოვნების, ტრადიციების და კულტურის მოტივებზე შექმნილი სახლის ნივთებისა და აქსესუარების კომპანიის "ბლუტაბლას"  წარმომადგენელმა გიორგი შენგელიამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, აღნიშნული საწარმოს გახსნა კომპანიას ყველანაირი ფორმისა და დიზაინის ჭურჭლის დამზადების და შესაბამისად, ასორტიმენტის გაზრდის შესაძლებლობას მისცემს.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 3-4 მლნ ლარის ფარგლებში იქნება.

"კერამიკის მიმართულებით გვაქვს გეგმები. სავარაუდოდ, მომდევნო წლიდან უფრო აქტიურად დავიწყებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ეს გულისხმობს იმას, რომ აქამდე ჩვენ კერამიკის მზა ფორმებს ვყიდულობდით და ამ საწარმოს გახსნის შემდეგ შესაძლებლობა გვექნება ეს ფორმებიც ჩვენ დავამზადოთ. ანუ გეგმაში გვაქვს სრულმასშტაბიანი კერამიკის საწარმოს გახსნა. ამჟამად, მიმდინარეობს მუშაობა თუ სად განთავსდება ახალი საწარმო. სავარაუდოდ, თავდაპირველად ეს იქნება არსებული "ბლუტაბლას" საწარმოს ტერიტორიაზე, ხოლო შემდეგ კიდევ უფრო მეტად ვფიქრობთ გაფართოებას. 

საინვესტიციო ღირებულება ამ ეტაპზე სრულად დათვლილი არ გვაქვს, რადგან არ არის დაზუსტებული ადგილმდებარეობა და დანადგარების ხარჯი. მიუხედავად ამისა, ვფიქრობთ, რომ აღნიშნული საწარმოს მშენებლობისთვის 3-4 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება იქნება საჭირო", - აცხადებს გიორგი შენგელია.

მანვე აღნიშნა, რომ კომპანიის გაყიდვები ყოველწლიურად მზარდია და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს 20%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ცნობისთვის,"ბლუტაბლა" ბაზარზეა 2014 წლიდან და დღესდღეობით ასაქმებს 67 ადამიანს. კომპანია ფლობს 12 მაღაზიას, მათ შორის, 8 თბილისში მდებარეობს. ასევე მოქმედებს ონლაინ www.bluetabla.ge, რომლის მეშვეობით  პროდუქციის შეძენა მთელი საქართველოს მასშტაბითაა შესაძლებელი.

გამოგვყევით