რაჭაში სოფელ ჯვარისაში ტურისტული ობიექტის Jvarisa Cottages-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, თორნიკე ტყეშელაშვილის შეფასებით, რეგიონს დიდი პოტენციალი აქვს, რომ მიმზიდველ სათხილამურო კურორტად ჩამოყალიბდეს.
როგორც თორნიკე ტყეშელაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, რაჭისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ღვინო ხვანჭკარისა და სათხილამურო კურორტის კომბინაცია, რაც რეგიონს დამატებით ტურისტულ მიმზიდველობას შესძენს. მისივე თქმით, ამ მიმართულებების განვითარება ეტაპობრივად ინვესტორების დაინტერესებასაც გაზრდის.
"რაჭა უნიკალური მხარეა ზომიერი კლიმატით, რაც ტურისტებისთვის საინტერესო მიმართულებას წარმოადგენს. ამ ეტაპზე, მაღალი მთის ტურისტული მიმართულებებიდან უფრო პოპულარულია ყაზბეგი და მესტია, თუმცა ბოლო წლებში რაჭის მიმართ ინტერესიც იზრდება. ვფიქრობ, დროის საკითხია რომ რეგიონმა ტურისტულ რუკაზე საკუთარი ადგილი დაიკავოს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ამ მიმართულებით გამოწვევები კვლავ არსებობს, თუმცა ვითარება ეტაპობრივად უმჯობესდება. მაგალითად, ავტობანის ფუნქციონირებამ ამბროლაურში გადაადგილების დრო მნიშვნელოვნად შეამცირა. რა თქმა უნდა, განვითარების უფრო სწრაფი ტემპი გვინდა, თუმცა ფაქტია, რომ გადაადგილება გამარტივდა და შემცირდა როგორც დროითი, ისე ფინანსური ხარჯები. ნელ-ნელა იხსნება კვების ობიექტები, კოტეჯები და სხვა ტურისტული სერვისები. რაოდენობა ჯერ კიდევ არ არის იმ დონეზე, როგორც სხვა ტურისტულ ცენტრებში, თუმცა ზრდის ტენდენცია გვაქვს. ჩემი აზრით, რაჭას დიდი პოტენციალი აქვს, რომ მიმზიდველ სათხილამურო კურორტად ჩამოყალიბდეს - ამ მიმართულებით საუბარი უკვე მიმდინარეობს და ეს დროის საკითხია", - აცხადებს თორნიკე ტყეშელაშვილი.
ცნობისთვის, Jvarisa Cottages სოფელ ჯვარისაში ამბროლაურის რაიონიდან დაახლოებით 7 კმ-ში მდებარეობს. ტურისტულ ობიექტზე ჯამში 3 კოტეჯია განთავსებული, ხოლო თითო კოტეჯში 6 პერსონა ეტევა.