ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) STEAM ბანაკის პირველი ნაკადი დაიწყო, რომელშიც, მთელი საქართველოს მასშტაბით, 100 ქართველი ახალგაზრდა მონაწილეობს.
STEAM ბანაკი აერთიანებს ხუთ მნიშვნელოვან საგანმანათლებლო მიმართულებას - მეცნიერებას, ტექნოლოგიას, ინჟინერიას, ხელოვნებას და დიზაინს და მათემატიკას. ის მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეების პროგრამირების საწყისებით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინოვაციური მეწარმეობით დაინტერესებას, მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას. პროექტი გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებასა და ეკონომიკურ განვითარებას.
სასწავლო პროგრამა ასევე მოიცავს გუნდურ მუშაობას, პროდუქტის პროტოტიპირებასა და მის განვითარებას, ასევე პროექტის წარდგენის ტექნიკასა და პრაქტიკულ სიმულაციებს. ბანაკის დასასრულს გამოვლინდება საუკეთესო გუნდი, რომელმაც ყველაზე მეტი მისიის შესრულება შეძლო.
თეორიული ცოდნის მიღების პარალელურად, ბანაკის მონაწილეები ჩართულნი არიან STEAM GAME-ში, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას, გუნდურად დააგროვონ ქულები მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებით. თამაშისთვის შექმნილია სპეციალური პლატფორმა, სადაც ყოველდღიურად იტვირთება შესაბამისი მისიები.
ბანაკი ჩატარდება 3 ნაკადად, შერჩეული მონაწილეები სრულად დაფინანსდებიან. ბანაკში მონაწილეობას, ჯამში, 300 ახალგაზრდა მიიღებს. ბანაკს ამბასადორი კაჭრეთის აკადემია მასპინძლობს და ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი ახორციელებს.