logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"აგვისტოს ჯავშნების 60% უკვე შევსებულია, ვიზიტორების უმრავლესობა ბელარუსი ტურისტები არიან" - HOTEL VOYAGE

ტურისტული ობიექტის HOTEL VOYAGE-ის დამფუძნებლის, თეა თხილაიშვილის შეფასებით, ქობულეთში ზაფხულის ტურისტული სეზონი აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც თეა თხილაიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, სასტუმროში აგვისტოს თვის წინასწარი ჯავშნების 60% უკვე შევსებულია, ხოლო სექტემბრისთვის ნომრების დაახლოებით 30%-ია დაჯავშნილი. მისივე ინფორმაციით, ვიზიტორების უმრავლესობას ბელარუსი ტურისტები წარმოადგენენ.

"ზაფხულის სეზონს დადებითად ვაფასებ - ამ ეტაპზე მშვიდი და სტაბილური ტენდენციაა. ივნისი, ივლისის პერიოდი დატვირთული იყო, აგვისტოს თვის ჯავშნების დაახლოებით 60% უკვე შევსებულია. არსებული ტენდენციის მიხედვით, თვის განმავლობაში სრული დატვირთულობით ვიმუშავებთ. ასევე, სექტემბრის წინასწარი ჯავშნებიც გვაქვს - ამ დროისთვის ნომრების დაახლოებით 30% უკვე დაკავებულია. სტუმრების ძირითად ნაწილს ბელარუსი ვიზიტორები წარმოადგენენ. ასევე გვყავს სომეხი სტუმრებიც. რაც შეეხება ევროპელ ტურისტებს, მათი წილი შედარებით მცირეა მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა გვქონდა ინგლისელი და გერმანელი სტუმრების. რატომაა ევროპელი სტუმრების დეფიციტი ზუსტი მიზეზის თქმა გამიჭირდება. ზოგადად, სეზონურად ვმუშაობთ და შესაძლოა, ეს ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იყოს.

აზიური ბაზრის მიმართულებით სტუმრების ჩამოყვანასთან დაკავშირებით ტურისტული კომპანიებისგან შემოთავაზება გვქონდა, თუმცა ამ ეტაპზე უარი განვაცხადეთ, რადგან აღნიშნული სეგმენტის მომსახურება გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მათ შორის ნომრების მოწესრიგების კუთხით", - აცხადებს სასტუმროს დამფუძნებელი.

თეა თხილაიშვილი ქობულეთის ტურისტულ განვითარებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქალაქი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო მიმდებარე სოფლებშიც არაერთი ახალი ტურისტული ობიექტი აშენდა.

"სასტუმროს გაფართოებას რაც შეეხება, სურვილი გვაქვს, თუმცა ამ ეტაპზე დამატებით დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან სამომავლო გეგმებს უკავშირდება. ზოგადად, ტურისტული სეზონი კარგად მიმდინარეობს. აქტიური სეზონია - ვერავინ იტყვის, რომ ქობულეთში ტურისტები არ არიან", - აღნიშნავს სასტუმროს დამფუძნებელი.

ცნობისთვის, HOTEL VOYAGE ქობულეთში მდებარეობს და 18 ნომრისგან შედგება, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე 5 წელია ოპერირებს.

გამოგვყევით