logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

მსოფლიოში პირველი სასტუმრო რობოტი პერსონალით 2027 წელს ჩინეთში გაიხსნება

მსოფლიოში პირველი სასტუმრო რობოტი პერსონალით 2027 წელს ჩინეთში გაიხსნება

1783756800

ხელოვნური ინტელექტი ეტაპობრივად იკავებს ადგილს ისეთ სფეროებში, სადაც აქამდე მთავარი რესურსი სწორედ ადამიანი იყო.

გუანდუნის პროვინციაში, შენჟენსა და ჯუნშანს შორის დამაკავშირებელი მეგაპროექტის ხელოვნურ კუნძულზე მსოფლიოში პირველი სრულად ავტომატიზებული სასტუმრო შენდება, სადაც სტუმრის მომსახურების თითქმის ყველა ეტაპს რობოტები უზრუნველყოფენ.

სტუმრის მიღება, რეგისტრაცია, ბარგის ნომერში მიტანა, ოთახების დასუფთავება და შიდა ლოჯისტიკა - ეს მხოლოდ ნაწილია იმ პროცესებისა, რომლებიც ადამიანების ნაცვლად ინტელექტუალურ სისტემებს დაევალებათ. პროექტს ჩინური კომპანია Pudu Robotics-ი ადგილობრივ პარტნიორთან ერთად ახორციელებს.

რობოტი ერთიან ხელოვნური ინტელექტის პლატფორმაში იქნება ინტეგრირებული. სისტემა რეალურ დროში გააანალიზებს გარემოს, გააზიარებს მონაცემებს სხვადასხვა მოწყობილობას შორის და ოპერაციულ პროცესებს ავტომატურად მართავს.

მაგალითად, მიმღებში მომუშავე რობოტებს შეეძლებათ ჟესტებისა და სოციალური ინტერაქციის ამოცნობა, მიტანის სერვისის რობოტები სტუმრების შეკვეთების მიხედვით ყველაზე სწრაფ მარშრუტს თავად დაგეგმავენ, ხოლო დასუფთავების სისტემები გარემოში არსებულ ცვლილებებს ავტომატურად მოერგებიან. შედეგად, სასტუმროს ფუნქციონირება თითქმის მთლიანად ადამიანური ჩარევის გარეშე გახდება შესაძლებელი.

ახალი ეკონომიკური მოდელის მიზანი მომსახურების პროცესების მაქსიმალური ავტომატიზაცია და საოპერაციო ხარჯების შემცირებაა, რაც ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, შეამციროს ადამიანურ რესურსზე დამოკიდებულება, უზრუნველყოს მომსახურების ერთიანი ხარისხი, იმუშაოს უწყვეტ, 24-საათიან რეჟიმში და მინიმუმამდე დაიყვანოს ოპერაციული შეცდომების რისკი.

საცდელი ოპერირება მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება, პირველი სტუმრების მიღებას კი სასტუმრო 2027 წლიდან გეგმავს. კომპლექსი 44 პრემიუმ კლასის ნომერს, რესტორანს, სპორტდარბაზსა და სხვა ინფრასტრუქტურას აერთიანებს. პროექტის წარმატების შემთხვევაში, ინვესტორები ავტომატიზებული მომსახურების მოდელის გაფართოებას მთელ ხელოვნურ კუნძულზე გეგმავენ.

შესაბამისად, ჩინეთში მიმდინარე ეს პროექტი შეიძლება გახდეს ერთ-ერთი პირველი რეალური მაგალითი იმისა, თუ როგორ იცვლება მომსახურების ინდუსტრია ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და რა მიმართულებით ვითარდება მომავლის ეკონომიკა.

ნია ბაკურაძე 
ფოტო: newatlas.com

გამოგვყევით