logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"საბავშვო განმავითარებელი სივრცის მიმართ ინტერესი გაიზარდა - აგვისტოში ღონისძიებების 20% უკვე დაჯავშნილია" - Kokito Kids Space

საბავშვო განმავითარებელი სივრცის Kokito Kids Space-ის თანადამფუძნებლის, ლალიკო გოგიბერიძის ინფორმაციით,  გასულ წელთან შედარებით ობიექტის მიმართ მომხმარებელთა ინტერესი დაახლოებით 20%-ით გაიზარდა. 

როგორც საბავშვო განმავითარებელი სივრცის წარმომადგენელი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, წინასწარი ჯავშნების მიმართულებით აქტიურობა მაღალია - მაგალითად, აგვისტოში ღონისძიებების დაახლოებით 20% უკვე დაჯავშნილია.

მისივე ცნობით, მომხმარებლები ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სრულ პაკეტებს ანიჭებენ უპირატესობას. კერძოდ, მათი მოთხოვნაა, რომ ერთ სივრცეში მიიღონ ღონისძიების სრულყოფილი მომსახურება, რაც მოიცავს: დეკორს, კვებას, ანიმატორს, თემატურ გმირებს, ფოტოგრაფიასა და სხვა დამატებით სერვისებს.

"მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული შედარებით მშვიდი სეზონია, მომხმარებლები ღონისძიებების დაგეგმვას მაინც წინასწარ ამჯობინებენ. Kokito Kids Space-ში გვაქვს როლური თამაშების სივრცეები (ადგილები, სადაც ბავშვები სხვადასხვა როლს ირგებენ და რეალური ცხოვრების სიტუაციებს თამაშის ფორმით ასრულებენ) და ეკოლოგიურად უსაფრთხო ხის სათამაშოების მრავალფეროვანი არჩევანი. მშობლებს შეუძლიათ ჩვენთან ბავშვები საათობრივადაც დატოვონ. ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულება დაბადების დღის გადახდაა. დღეს დაბადების დღის სრული პაკეტის ღირებულება 650 ლარია, რომელიც მოიცავს კვებას, ანიმატორს, საყვარელ გმირსა და ფოტოგრაფის მომსახურებას. მიუხედავად ბაზარზე არსებული ცვლილებებისა, ვცდილობთ მომხმარებელს საუკეთესო ფასი და ხარისხი შევთავაზოთ.

ამ ეტაპზე, ჩვენს სივრცეში ერთდროულად 15 ბავშვის მიღება შეგვიძლია, თუმცა მოთხოვნიდან გამომდინარე უკვე სივრცის გაფართოებაზე ვფიქრობთ. განსხვავებული კონცეფცია გვაქვს – არ გვაქვს ხმაურიანი მუსიკა და გადატვირთული გარემო. ბავშვები მშვიდ, მყუდრო ატმოსფეროში თამაშობენ, ანიმატორებთან ერთად სხვადასხვა აქტივობაში ერთვებიან", - აღნიშნავს სფეროს წარმომადგენელი.

ლალიკო გოგიბერიძე გამოწვევების შესახებაც საუბრობს და განმარტავს, რომ დღეს სფეროს მთავარი გამოწვევა მომხმარებლის მზარდი მოლოდინების დაკმაყოფილებაა. 

"ოჯახები მხოლოდ ლამაზ სივრცეს აღარ ეძებენ, მათთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოება, ხარისხიანი გარემო, მრავალფეროვანი აქტივობები და პროფესიონალური მომსახურება. ზოგადად გვსტუმრობენ, როგორც ადგილობრივი ოჯახები, ასევე უცხოელი მომხმარებლები. მდებარეობიდან გამომდინარე ბაზარი ორბელიანის ტერიტორიაზე ვართ - უცხოელი სტუმრების რაოდენობა საკმაოდ მაღალია. წელს განმავითარებელი სივრცის გაფართოებას ვაპირებთ. კერძოდ, ახალი ფილიალის გახსნას ვგეგმავთ, თუმცა დღეს კიდევ ერთი დიდი გამოწვევა კომერციული ფართების მაღალი საიჯარო ფასებია. ამ მიმართულებით დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციის დაზუსტება ახლა არ მინდა", - აცხადებს Kokito Kids Space-ის თანადამფუძნებელი.

ცნობისთვის, საბავშვო განმავითარებელი სივრცე Kokito Kids Space თბილისში, ბაზარი ორბელიანის ტერიტორიაზე მდებარეობს, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს.

გამოგვყევით