logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ბიზნეს ღონისძიებებზე მოთხოვნა იზრდება, თუმცა ბაზარზე ფართომასშტაბიანი სივრცეების დეფიციტია" -INEDITEVENTS

საქართველოში ბიზნესღონისძიებებზე მოთხოვნა მზარდია, თუმცა სექტორის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ფართომასშტაბიანი სივრცეების სიმცირე წარმოადგენს, - ამის შესახებ ივენთ კომპანია  INEDITEVENTS-ის დამფუძნებელმა სოფო გელაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა. 

მათივე ცნობით, განსაკუთრებით გაიზარდა კორპორატიული ღონისძიებებისა და ბრენდების პრეზენტაციების რაოდენობა, რაც უფრო მასშტაბურ ლოკაციებზე მოთხოვნასაც ზრდის.

"მოთხოვნა მზარდია. წინა წლის ივლისთან შედარებით, დაახლოებით 10-15%-ით არის გაზრდილი მოთხოვნა. ისევ აქტუალურია ქორწილები, თუმცა ძალიან გაიზარდა მოთხოვნა კორპორატიულ ბიზნეს ღონისძიებებზე, მათ შორის, ბრენდის პრეზენტაციები. კომპანიები უფრო და უფრო ხშირად მოგვმართავენ და გაყიდვების ზრდა, სწორედ ამ სეგმენტის მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის დამსახურებაა. 

კომპანიების ზრდასთან და თანამშრომელთა რაოდენობის მატებასთან ერთად, მასშტაბურ ღონისძიებებზე მოთხოვნაც იზრდება.  ბაზარზე გამოწვევაა ის, რომ საქართველოში დიდი არჩევანი არ გვაქვს ისეთი სივრცეების, სადაც 500-ს და მეტ პერსონას მოვათავსებთ. ამ ეტაპზე ეს საკითხი განსაკუთრებით პრობლემურია. ადრე თუ სტანდარტული მოთხოვნა იყო 200-300 პერსონა, ახლა არის 300-დან ზევით. უკვე გადავდივართ ისეთი ინდუსტრიული სივრცეების დაქირავებაზე, როგორიც არის "კოკა კოლას" ქარხანა, "ექსპო ჯორჯიას" და სხვა საკლუბო სივრცეები, სადაც ტევადობა დიდია და შეგვიძლია დიდი რაოდენობის სტუმარი მოვათავსოთ. ალტერნატივა მხოლოდ ეს გვაქვს, სხვა არ გვაქვს. ასეთ ინდუსტრიულ სივრცეებში, როდესაც შედიხარ ცხადია ხარჯი იზრდება, რადგან ყველაფერი უნდა შეიტანო, რათა ყველაფრით უზრუნველყოფილი იყოს. 

მიუხედავად ამისა, ვცდილობთ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას და ვფიქრობთ, რომ ბაზარი მოთხოვნის შესაბამისად განვითარდება", - აცხადებს სოფო გელაშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ თავად ივენთ კომპანიები უკვე აქტიურად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.   

გამოგვყევით