logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

"ტურისტული სეზონი პიკშია შესული - ზოგიერთ შემთხვევაში ევროპიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა გაორმაგებულია" - გიორგი დოლიძე

HSC Group Hospitality-ის დირექტორის, გიორგი დოლიძის შეფასებით, ამ ეტაპზე ტურისტული სეზონი, როგორც თბილისის, ასევე ბათუმის მიმართულებით პიკშია შესული.

როგორც გიორგი დოლიძე გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განმარტავს, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, ამ ეტაპზე აქტიური გაუქმებები, ჯავშნების გადავადების მოთხოვნები, ან მსგავსი ტენდენციები, რაც მარტში დაფიქსირდა არ შეინიშნება. მისივე ცნობით, ზოგიერთ შემთხვევაში ევროპიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა გაორმაგებულია.

"ჩვენს შემთხვევაში დატვირთულობა დაახლოებით 90-95%-ის ფარგლებში მერყეობს, შესაბამისად, ფასებიც ზრდის მიმართულებით დავაკორექტირეთ. ბათუმში საკმაოდ მასშტაბური აპარტოტელი გავხსენით, რომელსაც 795 ნომერი აქვს. მიუხედავად მისი დიდი მოცულობისა, გარკვეულ დღეებში დატვირთულობა 95%-საც აღწევს, რაც მიუთითებს, რომ მოთხოვნა ძალიან მზარდია - საქართველოში ტურისტების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები, რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია. ამ კონტექსტში ძირითადი გავლენა თებერვლის ბოლოსა და მარტში ვიგრძენით. ამ ეტაპზე, ე.წ. გალფის ქვეყნებიდან ჯავშნების მიღება და ფრენების შესრულება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. ბოლო წლებში განსაკუთრებით გაიზარდა ჩინეთის აქტივობა - 2025-2026 წლებში ჩინეთიდან ტურისტული ნაკადები საგრძნობლადაა გაზრდილი, მას შემდეგ რაც პირდაპირი ფრენები დაიწყო. ზოგადად, ტურისტული ბაზრები დივერსიფიცირებულია. სტატისტიკაში მოწინავე პოზიციებზე რჩება ისრაელი, ემირატები და ევროპის ქვეყნები. ზოგიერთ შემთხვევაში ევროპიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა გაორმაგებულია. ასევე აქტიურია დიდი ბრიტანეთის მიმართულება", - აღნიშნავს გიორგი დოლიძე.

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. რეგიონში აშშ-ის, ისრაელისა და ირანის მონაწილეობით სამხედრო დაპირისპირება მიმდინარეობს. ივნისში მიღწეული ხანმოკლე ზავის მიუხედავად, ივლისში ვითარება კვლავ გამწვავდა.

გამოგვყევით