logo
Loading data...
მთავარი ენერგეტიკა

სტატია

ყველა ტიპის ბენზინზე ფასებმა 15 თეთრის ფარგლებში მოიმატა - ვახტანგ იობაშვილი

ბოლო დღეებში, საქართველოში საწვავი კიდევ გაძვირდა. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვახტანგ იობაშვილმა განუცხადა, დაახლოებით, ერთი კვირაა, რაც აბსოლუტურად ყველა ტიპის ბენზინზე ფასები 15 თეთრის ფარგლებში გაიზარდა.

„მიზეზი გლობალურ ბირჟებზე მიმდინარე მოვლენები და ნავთობის ფასების აღმავალი ტენდენციაა. საქართველოშიც ფასები მომატებულია ყველა კომპანიის ავტოგასამართ სადგურზე. საუბარია, ბენზინზე. რაც შეეხება დიზელს, ჯერჯერობით, აქ მკვეთრი გაძვირება არ შეინიშნება“, - აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა.

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტის განახლების, ასევე საუდის არაბეთსა და ტერორისტულ დაჯგუფება "ჰუსიტებს" შორის სამხედრო მოქმედებების წამოწყების გამო, გასულ კვირას, მნიშვნელოვნად  გაიზარდა ფასები მსოფლიოს სანავთობო ბაზრებზე და 1 ბარელი ბრენტის ტიპის ნავთობის ღირებულებამ, თითქმის, 99 დოლარს მიაღწია. ამჟამად, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის სამხედრო დარტყმების დროებით შეჩერების ფონზე, ნავთობის ფასი 89 დოლარზეა ჩამოსული, თუმცა, მიმდინარე თვის დასაწყისში, შავი ოქროს ღირებულება 70 დოლარიც კი იყო.

გლობალურ ბირჟებზე არსებული ამ არასტაბილურობის გამო, საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარეს უჭირს პროგნოზის გაკეთება, თუ რას უნდა ელოდოს მომხმარებელი საშემოდგომოდ, საწვავის ფასებთან დაკავშირებით.

ვახტანგ იობაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ საქართველოსთვის საწვავის მომწოდებელ მთავარ ქვეყნებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ქვეყანაში ბენზინის იმპორტი ევროპული სახელმწიფოებიდან ხორციელდება, საუბარია - ბულგარეთზე, ბელორუსზე, რუმინეთზე, საბერძნეთზე. დიზელი კი უმეტესად - რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან შემოდის.

ცნობისთვის, 2026 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში, საქართველოში ჯამში 637 ათასი ტონა ბენზინი და დიზელი იმპორტირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6.4% -ით შემცირებული მონაცემია.

გამოგვყევით