საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერაქტიულ სტატისტიკას საერთაშორისო ბაზრებზე გამოშვებული კორპორაციული ობლიგაციების მონაცემები დაემატა. აღნიშნული სტატისტიკა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის“ კატეგორიაში განთავსდა და მოიცავს ქართული კომპანიებისა (მათ შორის სახელმწიფო საწარმოების) და მათი მფლობელი სუბიექტების მიერ საერთაშორისო ბაზრებზე გამოშვებული კორპორაციული ობლიგაციების შესახებ ინფორმაციას. პლატფორმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მონაცემები დაამუშაონ და გააანალიზონ სხვადასხვა ჭრილში, მათ შორის ვალუტის, ვადიანობის, ეკონომიკური სექტორისა და სხვა პარამეტრების მიხედვით.
მონაცემები ყოველთვიურად განახლდება და ხელმისაწვდომი იქნება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
წარმოდგენილი ინფორმაცია საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესწავლისა და ანალიზის პროცესში მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს კაპიტალის ბაზრის მონაწილეებს - ემიტენტებს, საბროკერო კომპანიებს და ინვესტორებს. ასევე ანალიტიკოსებს, სტუდენტებს, მკვლევარებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.
ამჟამად, ინტერაქტიული სტატისტიკა მოიცავს ობლიგაციების ბაზრის შემდეგ სეგმენტებს:
- საქართველოს ობლიგაციების ბაზარზე საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული კორპორაციული ობლიგაციები;
- საქართველოს ობლიგაციების ბაზარზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (სსი) მიერ კერძო და საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული ობლიგაციები;
- ქართული კომპანიებისა და მათი მშობელი კომპანიების მიერ საერთაშორისო ბაზრებზე გამოშვებული კორპორაციული ობლიგაციები.
სამომავლოდ, საქართველოს ეროვნული ბანკი გეგმავს ინტერაქტიული სტატისტიკის პლატფორმაზე ხელმისაწვდომი ფასიანი ქაღალდების ბაზრის სტატისტიკის გაფართოებას.
ინტერაქტიული სტატისტიკა ხელმისაწვდომია საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.