ტურისტული ობიექტის HAERI Utsera Cabins-ის დამფუძნებლის, გენო თაყაძის ინფორმაციით, მეწარმე აგვისტოში 100%-იან დატვირთულობას ელოდება, რადგან აღნიშნული პერიოდი სეზონის პიკია. მისივე ცნობით, ვიზიტორების მაღალი აქტივობა სექტემბერშიც ნარჩუნდება.
როგორც კოტეჯების დამფუძნებელი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, სტუმრების დაახლოებით 80%-ს ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენს, დანარჩენი კი ევროპისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორები არიან.
"წვიმიანი ამინდების გამო სეზონის დაწყება დაგვიანდა. ევროპიდან, მაგალითად, ავსტრიელი, გერმანელი ტურისტები გვსტუმრობენ. აზიის ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე შემცირებულია. გასულ წელს არაბი და ებრაელი სტუმრებიც გვყავდა. ჩემი გამოცდილებით, აზიელ ვიზიტორებს ევროპელი ტურისტებისგან განსხვავებული მოთხოვნები არ ჰქონიათ.
ზოგადად, რაჭაში გამოწვევები გვაქვს. მაგალითად, კვების ობიექტების მიმართულებით სხვა რეგიონებს ჩამორჩება. ასევე, რეგიონი ძირითადად სეზონურ ტურიზმზეა დამოკიდებული, ამიტომ აუცილებელია ზამთრის კურორტების განვითარება. ასევე მნიშვნელოვანია შემოდგომის სეზონზე მდინარეზე ჯომარდობა უფრო პოპულარული გახდეს. ვიზიტორების მოზიდვისთვის საჭიროა მეტი კულტურული აქტივობის ჩატარება. რაც გულისხმობს, გასტრონომიულ ტურებს, გამოფენებსა და მუსიკალურ ფესტივალებს. მსგავსი ღონისძიებები დღეს იშვიათია, რაც ტურისტების რაოდენობაზე პირდაპირ აისახება. ასევე, უწერაში არ გვაქვს დიდი რეკრეაციული სივრცეები და პარკები, სადაც მოქალაქეები და ვიზიტორები დროის გატარებას შეძლებენ. ხშირად მათ ქუჩაში, ან ბუნებაში დასვენება უწევთ", - აცხადებს გენო თაყაძე.
ცნობისთვის, ტურისტული ობიექტი HAERI Utsera Cabins-ი რაჭაში კურორტ უწერაში მდებარეობს და 3 კოტეჯისგან შედგება. ადგილობრივ ბაზარზე კი 4 წელია ოპერირებს.