მიმდინარე პერიოდში, თბილისი უცხოელი ტურისტების მთავარ მიმართულებას აღარ წარმოადგენს - ინტერესი რეგიონების მიმართ იზრდება, - ამის შესახებ ტურისტული კომპანია Boss Tour-ის მენეჯერმა მარიამ მაისურაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ტურისტული აქტივობა უახლოეს მომავალში შენარჩუნდება, რასაც ხელს უწყობს როგორც ზაფხულის პიკური სეზონი, ისე საქართველოს მრავალფეროვანი ტურისტული შეთავაზებები.
"ტურისტული სეზონი აქტიურად მიმდინარეობს, ხალხის ნაკადი მომატებულია საგრძნობლად. განსაკუთრებით გაზრდილია ტურისტების რაოდენობა ისრაელიდან და ევროპიდან, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლებთან შედარებით შემცირებულია რუსი და ბელორუსი ტურისტების რიცხვი.
ამასთან აღსანიშნავია, რომ შეიცვალა უცხოელი ვიზიტორების მოგზაურობის ტენდენციაც. თუ წინა წლებში თბილისის მიმართულება ერთ-ერთი მთავარი არჩევანი იყო, მიმდინარე ზაფხულის სეზონზე ვიზიტორები უპირატესობას რეგიონებს ანიჭებენ. ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებს შორის კი სვანეთი და შავი ზღვისპირეთი სახელდება, სადაც ამჟამად, ტურისტების განსაკუთრებული კონცენტრაცია შეინიშნება." - აცხადებს მარიამ მაისურაძე.
მანვე აღნიშნა, ტურისტების მხრიდან მოთხოვნა სტაბილურად მაღალია როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფურ ტურებზე.