ზაფხულის სეზონზე, გუდაურში ძირითადად უცხოელი ტურისტები ისვენებენ, - ამის შესახებ გუდაურში, სასტუმრო QUADRUM-ის დამფუძნებელმა ირაკლი ერისთავმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ვიზიტორებს შორის ძირითადად ისრაელისა და არაბული ქვეყნების მოქალაქეები არიან.
"ზაფხულის სეზონი გუდაურში ნაკლებად აქტიურია. ზამთრის სეზონისგან განსხვავებით არც წინასწარი ჯავშნები არ არ შემოდის. ვიზიტორები ძირითადად უცხოელები არიან და ასევე, საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
წინასწარი ჯავშანი ძირითადად გვაქვს ხოლმე იოგას ჯგუფების მხრიდან, მათ შორის, არიან როგორც ქართველები, ასევე როგორც აღვნიშნე საქართველოში მცხოვრები უცხოელები. ჩვენთან დამსვენებლებს რამდენიმე შესაძლებლობა აქვთ, რომ ივარჯიშონ. ზოგადად ველნეს ტურიზმის მიმართულება წლებია აქტიურია და მიმდინარე წელს შეიძლება ითქვას, რომ ისეთი მოთხოვნა არ არის როგორც წინა წლებში იყო. დამსვენებლებს ხანდახან საკუთარი მზარეულიც კი ჩამოჰყავთ ხოლმე", - აცხადებს ირაკლი ერისთავი.
მანვე აღნიშნა, რომ ივლისთან შედარებით აგვისტო და სექტემბერი ზოგადად უფრო მეტად დატვირთული თვეებია ხოლმე და შესაბამისად, სასტუმრო დამსვენებლების რაოდენობის ზრდას ელოდება.
ცნობისთვის, 12 ნომრიანი სასტუმრო - QUADRUM გუდაურში, 2017 წელს გაიხსნა. მონოლითისგან დამზადებული მეორე კორპუსი კი 2020 წლის მარტში ამოქმედდა. ორივე კორპუსი 3 000 კვ. მეტრზეა განლაგებული და ჯამში 21 ნომერს მოიცავს. სასტუმროში არის რესტორანი, აუზი, იოგას და საკონფერენციო დარბაზი. ორივე პროექტის განხორციელება დაახლოებით, 3-4 მილიონი ლარი დაჯდა.