საქართველოს ბანკმა ახალი POS ტერმინალი წარადგინა, რომელიც სალარო აპარატის ფუნქციასაც ითავსებს.
როგორც საქართველოს ბანკის გადახდების ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი ლევან კობახიძე გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განმარტავს, სიახლის ფარგლებში მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს ხარჯები შეუმცირდებათ.
"სიახლის ფარგლებში მცირე და მიკრო ბიზნესებს საშუალება აქვთ, სალარო აპარატი და POS ტერმინალი ცალ-ცალკე აღარ ედგათ და ერთი მოწყობილობით ჩაანაცვლონ. კერძოდ, შესაძლებელი გახდა, გადახდა როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით აწარმოონ.
მცირე ბიზნესებს, რომლებსაც ცალ-ცალკე აქვთ სალარო აპარატი და POS ტერმინალი და რომელთა ბრუნვაც ₾2 000-მდეა, ამ სერვისებზე საშუალო თვიური ხარჯი დაახლოებით ₾100 აქვთ. ჩვენი შეთავაზებით კი მათი ხარჯი ₾60-ის ტოლი გამოდის. ხოლო იმ ბიზნესებისთვის, რომელთა ბრუნვაც ₾7 500-მდეა, სალარო აპარატისა და POS ტერმინალის მომსახურების ჯამური ყოველთვიური ხარჯი ₾160-170-ს აღწევს, ახალი შეთავაზების ფარგლებში კი ₾80 იქნება. ამასთან ერთად მეწარმეებს, რომლებსაც მხოლოდ სალარო აპარატი აქვთ, შეუძლიათ სალარო აპარატის ნაცვლად ჩვენი ტერმინალი დააყენონ, რომლის საშუალებითაც წვდომა უნაღდო ანგარიშსწორებაზეც გაეხსნებათ. პრაქტიკა აჩვენებს, მეწარმე როდესაც ბარათით გადახდებს იწყებს გაყიდვები ეზრდება. საქართველოს ბანკის ახალი POS ტერმინალი მცირე ბიზნესებისთვის ხარჯების დაზოგვის საშუალებაა.
სიახლის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, უკვე ასეულობით მოთხოვნა შემოვიდა, განსაკუთრებით მცირე ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან. უმაღლესი ხარისხის სერვისით შეთავაზებული პროდუქტია, რომელზედაც პასუხს ბანკი თავად აგებს", - აცხადებს ლევან კობახიძე.