logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"საქართველოს ფოსტის ქსელი გაფართოვდება და მომსახურებას ყაზახეთის, თურქმენეთისა და ყირგიზეთის მიმართულებით დაიწყებს" - გიორგი ერაძე

საქართველოს ფოსტა უახლოეს მომავალში საერთაშორისო ლოგისტიკურ ქსელს გააფართოებს და მომსახურებას ყაზახეთის, თურქმენეთისა და ყირგიზეთის მიმართულებით დაიწყებს. ამის შესახებ საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ერაძემ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ფოსტა ტრადიციული საფოსტო ოპერატორის ფუნქციას სცდება და რეგიონულ ლოგისტიკურ ჰაბად ყალიბდება.

"ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი პროექტები მიმდინარეობს, მათ შორის, არის მჭიდრო თანამშრომლობა ბიზნესთან ექსპორტის მიმართულებით და ასევე, საერთაშორისო, თუ სატრანზიტო გზავნილების ვადის გაუმჯობესების თვალსაზრისით. 

რამდენიმე თვის წინ პირადად ვიმყოფებოდი Alibaba-ს კამპუსში, სადაც ჩვენს შორის მოლაპარაკება დაიწყო. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც ამ პროექტში იყო ჩართული. ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით ამ პროექტზე და გავაფორმეთ ხელშეკრულება - კონკრეტულად ლოგისტიკურ პლატფორმა Cainiao-თან. ეს პლატფორმა დღეში 50 მლნ-ზე მეტ ამანათს ამუშავებს, რასაც თუ შევედრებით - ამ შედეგს 0.1%-ითაც ვერ ვაღწევთ ამ ეტაპზე. ეს ხელშეკრულების გაფორმება არის გამოცდილება რათა ჩვენ დიდი ორგანიზაციებიდან მეტი ვისწავლოთ, საოპერაციო პროცესები გავაუმჯობესოთ და ტექნოლოგიურად განვვითარდეთ. აღნიშნულმა პროექტმა უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაქტიკულად საქართველოს ფოსტას და თვითონ ქვეყანას ახალი ჰაბის ფუნქცია შესძინა. რეგიონის ტვირთები იგზავნება საქართველოს ფოსტის ტერმინალში, ხდება დახარისხება და მიწოდება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ანუ საქართველოს ფოსტა ემსახურება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მეზობელ ქვეყნებსაც. ვიღებთ ტვირთებს როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის და უზბეკეთის. უახლოეს მომავალში უფრო ფართო ქსელი გვექნება და დავიწყებთ ისეთ ქვეყნებთან მიწოდებას როგორიც არის ყაზახეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი და ა.შ. 

გარდა ამისა, საქართველოს ფოსტასა და Silk Way West Airlines-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ჩვენი მიზანი იყო ისეთი სტრატეგიული ობიექტები, როგორიც არის საჰაერო ტერმინალი, მისთვის ფუნქცია დაგვებრუნებინა და ჩვენ ეს შევძელით, გავაფორმეთ მემორანდუმი და გავხდით უფრო მიმზიდველები. დღეს უკვე Silk Way West Airlines-ს ავიახაზებს ვემსახურებით. აღნიშნული ავიაკომპანია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ძალიან ძლიერი ავიაგადამზიდია. ჩვენ ვიღებთ მათ ტვირთებს ვახარისხებთ და სატვირთო მომსახურებით ვემსახურებით.  მინდა აღვნიშნო, რომ ტერმინალის რეკორდული მაჩვენებელი გვაქვს ამ ეტაპზე - წინა წელთან შედარებით, იმპორტი 1750%-ით არის გაზრდილი, ხოლო ექსპორტი 750%-ით. საერთო ჯამში კი, ტვირთბრუნვა 2300%-ით არის გაზრდილი.

გარდა ამისა, საქართველოს ფოსტამ Air Serbia-სთან, Turkish Airlines-თან და აზერბაიჯანის ავიახაზებთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა. გარდა ამისა, კიდევ რამდენიმე ავიახაზთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. აღნიშნულის მიზანი იყო, რომ ავიახაზებთან გაგვეახლებინა ხელშეკრულებები, რათა სატრანზიტო ვადები შეგვემცირებინა. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტ ავიახაზთან გვქონდეს ურთიერთობა, რათა საერთაშორისო ასპარეზზე ქსელი გავაფართოოთ", - აცხადებს გიორგი ერაძე.

გამოგვყევით