სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ბათუმში მცენარეთა დაცვის საკითხებზე კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებაზე მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა, მეცნიერებმა და აგრარული სექტორის წარმომადგენლებმა კლიმატის ცვლილებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებები და პესტიციდების უსაფრთხო და ეფექტიანი გამოყენების საკითხები განიხილეს.
კონფერენციაზე აღინიშნა, რომ კლიმატური ცვლილებები მცენარეთა დაცვის მიმართულებით ახალ გამოწვევებს აჩენს, რაც სახელმწიფო უწყებების, სამეცნიერო წრეებისა და ფერმერების მჭიდრო თანამშრომლობას განსაკუთრებით მნიშვნელოვანს ხდის. წარმოდგენილი იყო დეტალური ინფორმაცია სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. აღინიშნა, რომ უხვი ნალექისა და არახელსაყრელი ამინდის მიუხედავად, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.
კონფერენციაზე ასევე ისაუბრეს მცენარეთა დაცვის თანამედროვე მიდგომებზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეცნიერები აქტიურად მუშაობენ თხილისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაავადებების მართვის ეფექტიანი მეთოდების განვითარებაზე. ამასთან, სპეციალურად შერჩეულ ლოკაციებზე დაწყებულია აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრის - იაპონური ქინქლას საველე გამოცდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ზურაბ ლიპარტიას განცხადებით, მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს ცოდნის გაზიარებას, უწყებებსა და დარგის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და მცენარეთა დაცვის ღონისძიებების უფრო ეფექტიან დაგეგმვას.
„ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია როგორც მცენარეთა დაცვის სპეციალისტებისთვის, ისე ფერმერებისთვის, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში პესტიციდებს იყენებენ და მავნებლებთან ბრძოლის პროცესში არიან ჩართულნი. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს თანამედროვე მიდგომების დანერგვას და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას“, - განაცხადა ზურაბ ლიპარტიამ.
კონფერენციის მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს სახელმწიფოს, მეცნიერებისა და აგრარული სექტორის კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე.
როგორც მეფუტკრე გიორგი ლაკვეხელიანმა აღნიშნა, 2018 წლიდან სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობამ ფუტკრის დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო.
კონფერენციას აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ანასეულის ლაბორატორიის წარმომადგენლები, მცენარეთა დაცვის სპეციალისტები და ფერმერები ესწრებოდნენ.