საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის, ლაშა აბაშიძის ინფორმაციით, ქვეყანაში 45 თანამედროვე ელმავლის შემოსვლა დაახლოებით 1.5 წელში დაიწყება, რაც სარკინიგზო გადაზიდვების ფუნქციონირებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
როგორც ლაშა აბაშიძე გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნავს, ამჟამად სფეროში ბევრი გამოწვევაა. კერძოდ, ყოველ დღე ელმავლები ფუჭდება.
"ტენდერი მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით გამოვაცხადეთ, რომელიც სალოკომოტივო პარკის სრულად განახლებას გულისხმობს. ჩვენი მიზანია, 45 თანამედროვე ელმავალი შევიძინოთ, რაც საშუალებას მოგვცემს, სატვირთო გადაზიდვები მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ და გაცილებით სწრაფი რკინიგზა გვქონდეს.
დღეს სამწუხაროდ ძალიან მოძველებული ლოკომოტივები გვაქვს. ფაქტობრივად საქართველოს რკინიგზაში ახალი, თანამედროვე ლოკომოტივები არასდროს არ ყოფილა. კერძოდ, ყოველ დღე ელმავლები ფუჭდება, ამიტომ გადაზიდვებისთვის შესაბამისი სიმძლავრე არ არის. ამჟამად განსაკუთრებულ რეჟიმში ვმუშაობთ - მაქსიმალურად ვცდილობთ, ტვირთნაკადი, ოპერატიულად და სწრაფად გადავზიდოთ. აღნიშნული პროექტი ქვეყნისთვის და მისი პოზიციონირებისთვის, როგორც ერთ-ერთი სატრანზიტო ქვეყანა ძალიან მნიშვნელოვანია. ტენდერი ოქტომბრის თვეში დასრულდება, შემდეგ ელმავლების დამზადდება და ეტაპობრივად შემოვა - სხვა რკინიგზა გვექნება, რომელიც გაცილებით უფრო ეფექტური იქნება. ვფიქრობთ, ელმავლების შემოსვლა დაახლოებით წელიწად ნახევარში დაიწყება", - აცხადებს ლაშა აბაშიძე.
საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი ხაშურში სალოკომოტივო დეპოს მშენებლობაზეც საუბრობს. მისი განმარტებით, ობიექტი 45 ახალ ელმავალს მოემსახურება და მის ტექნიკურ გამართულობას უზრუნველყოფს.
"სამწუხაროდ ჩვენი დეპოების რესურსი საკმარისი არ იქნება, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ახალი თანამედროვე სალოკომოტივო დეპო ხაშურში ავაშენოთ, რომელიც 45 ახალ ელმავალს მოემსახურება. ამასთან, უკვე ვაპირებთ საერთაშორისო ტენდერი გამოვაცხადოთ და თანამედროვე 10 ახალი სამგზავრო მატარებელი შევიძინოთ. აღნიშნული მოგვცემს საშუალებას, რომ ყველა სარკინიგზო რეისი ახალი თანამედროვე მატარებლით შესრულდეს", - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი.