Galt & Taggart-ის მოლოდინით, სეზონურად შემცირებული ჰიდროგენერაციისა და 6 ივლისიდან დაწყებული ექსპორტის გამო ივლისში გენერაციის შეზღუდვის მოცულობა შემცირდება.
მათივე ცნობით, 2026 წლის ექსპორტის შემცირება და გენერაციის შეზღუდვები საქართველოს ენერგოსისტემის სეზონურ გამოწვევებს ნათლად აჩვენებს.
"2026 წლის ივნისში ადგილობრივი მოხმარება წლიურად 0.3%-ით გაიზარდა და 1.1 ტვტ.სთ შეადგინა, ხოლო ექსპორტი 84.3%-ით 0.004 ტვტ.სთ-მდე შემცირდა. შედეგად, ჯამურმა მოთხოვნამ 15.5%-ით 1.1 ტვტ.სთ-მდე იკლო. ივნისში ელექტროენერგიის კომერციული ექსპორტი არ განხორციელებულა. ერთადერთი ექსპორტიორი ესკო იყო, რომელმაც ძველი ვალი დააბრუნა. ექსპორტის შემცირების მიზეზი თურქეთში ჭარბი გენერაცია იყო, რის გამოც თურქეთმა საქართველოდან იმპორტი შეზღუდა.
საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია წლიურად 16.3%-ით შემცირდა. შემცირებული მოთხოვნის ფონზე, საქართველოს ელექტროსისტემას მოუწია გენერაციის შეზღუდვა მოთხოვნა-მიწოდებას შორის ბალანსის დასაცავად", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, 2026 წლის პირველ ნახევარში, საქართველოში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 5.1%-ით გაიზარდა და 7.3 ტვტ.სთ შეადგინა.
"იმპორტისა და თბოგენერაციის წილი ჯამურ მიწოდებაში 31.1%-ს წარმოადგენდა (vs 25.8% 1H25). გაზრდილია იმპორტ-დამოკიდებულება იანვარ-აპრილში და შემცირებულია ექსპორტი მაისი-ივნისში, რაც საქართველოს სეზონურ გამოწვევებს უსვამს ხაზს.
აუცილებელი ხდება ისეთი ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც საქართველოს სეზონურ გამოწვევებს უპასუხებს. ესენია: რეზერვუარიანი ჰიდროსადგურები, ქარის სადგურები, ენერგიის დამაგროვებელი ბატარეები და საექსპორტო ინფრასტრუქტურა (შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ჩათვლით)", - ვკითხულობთ კვლევაში.