საბავშვო კერძო ბაღი First Step Kindergarten სექტემბრიდან სწავლის საფასურის გაზრდას არ გეგმავს, რადგან ტარიფი რამდენიმე თვის წინ უკვე გაზარდეს.
როგორც "ბიზნესპარტნიორთან" კერძო ბაღის ერთ-ერთი დამფუძნებელი, დიანა კიკნაძე აღნიშნავს, სწავლის საფასურის გადახედვა ხარჯების ზრდამ გამოიწვია. მისივე თქმით, მოიმატა როგორც საკვები პროდუქტების ფასმა, ისე სხვა საოპერაციო ხარჯებმა.
"სწავლის საფასური დაახლოებით 4-5 თვის წინ გავზარდეთ – 450 ლარის ნაცვლად, ახლა გადასახადი 500 ლარია. ამ ეტაპზე არსებული ტარიფი ხარჯების დაფარვისთვის საკმარისია და ვფიქრობთ, წლის ბოლომდე გადასახადს აღარ გავზრდით. მშობლების მხრიდან ბავშვების ჩვენთან დარეგისტრირებაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. სექტემბრისთვის რეგისტრაცია ივნისიდან დავიწყეთ. ბაღში 50 ბავშვის მიღება შეგვიძლია. ოთხი ჯგუფი გვყავს და თითოეულში 10-15 ბავშვია, რადგან გვინდა, თითოეულ აღსაზრდელს მაქსიმალური ყურადღება მივაქციოთ. 1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებს ვიღებთ. კადრების დეფიციტი არ გვაქვს – დაკომპლექტებული ვართ კვალიფიციური პედაგოგებით და ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაა.
გაფართოებასაც რაც შეეხება ვგეგმავთ. ამჟამად, მხოლოდ ერთი ფილიალი გვაქვს და თბილისში ახალი ფილიალის გახსნაც გვინდა, თუმცა ამ ეტაპზე საინვესტიციო ღირებულებასა და სხვა დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ", – აცხადებს კერძო ბაღის წარმომადგენელი.
ცნობისთვის, საბავშვო კერძო ბაღი First Step Kindergarten თბილისში, დიდ დიღომში მდებარეობს, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს.