"სნეილ ქეჩმა" წარმადობა გაზარდა - პროდუქციის 95% ექსპორტზე იყიდება. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ ქართულ-ნორვეგიული კომპანია „სნეილ ქეჩის“ (ნადი გრუპის) თანადამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ განაცხადა, კომპანიის წარმადობა 300 ტონიდან 700 ტონამდე გაიზარდა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ გაფართოებაში კომპანიამ დაახლოებით, 250 000 ევროს ინვესტიცია განახორციელა.
"მიმდინარე წელს ახალი პროდუქტები არ დაგვიმატებია და წარმოება გავზარდეთ. ჩვენ ძირითადად ორიენტირებული ვართ უცხოურ ბაზრებზე. ადგილობრივ ბაზარზე დიდი მოთხოვნა არ არის. დაახლოებით, პროდუქციის 5% იყიდება სხვადასხვა რესტორანში. პროდუქცია ამ ეტაპზე 2 უცხოურ ბაზარზე - კერძოდ, იტალიასა და თურქეთში იყიდება", - აცხადებს მერაბ ნადარაია.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, "სნეილ ქეჩის" როგორც ცოცხალი ლოკოკინის, ისე ნახევრაფაბრიკატების რეალიზაციას ახდენს და სამომავლოდ წარმადობის ზრდას კიდევ გეგმავს.
ცნობისთვის, ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ქარხანა სენაკის რაიონის სოფელ მენჯში მდებარეობს. „სნეილ ქეჩმა“ ლოკოკინების ნახევარფაბრიკატების ქარხნის მშენებლობაში 2 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა. ქარხანა 1 800 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენდა.