სინგაპურთან ურთიერთობა საინტერესოა ბევრი მიმართულებით, მათ შორის ფინანსური, ეკონომიკური და ლოჯისტიკური მიმართულებებით, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"სინგაპურში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ის ქვეყანა, რომელმაც ბევრი საერთო აქვს საქართველოსთან, დაწყებული ეკონომიკური განვითარებით, დამთავრებული ლოჯისტიკური ცენტრის გამოცდილებით", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და სინგაპურს შორის ბიზნესისა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.
"საინტერესოა ბიზნეს და ეკონომიკური თანამშრომლობა. დღეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე სინგაპურის მნიშვნელობაც და ამ შემთხვევაში, საქართველოს მნიშვნელობაც გაზრდილია. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მაღალი დონის შეხვედრები რეგიონში დაგვეხმარება, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო განვავითაროთ. სინგაპურთან ურთიერთობა საინტერესოა ბევრი მიმართულებით, მათ შორის ფინანსური, ეკონომიკური და ლოჯისტიკური მიმართულებებით", - აღნიშნა მინისტრმა.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის შეხვედრები სინგაპურის ხელმძღვანელ პირებთან ხელს შეუწყობს როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას.
"პრემიერ-მინისტრის შეხვედრები სინგაპურის ხელმძღვანელ პირებთან იქნება კარგი შესაძლებლობა, განვიხილოთ როგორც პოლიტიკური თანამშრომლობა, ისე ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა სინგაპურთან. ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გავაღრმაოთ და ის შესაძლებლობები, რაც არსებობს ქვეყანასთან ურთიერთობაში და რეგიონთან ურთიერთობაში, უკეთ იყოს გამოყენებული ჩვენი მხრიდან", - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა.