logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"სებ-ის ახალ ციფრულ პლატფორმაზე მომხმარებლებს სხვადასხვა ბანკის შეთავაზებების ნახვა შეუძლიათ" - დავით უტიაშვილი

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის, დავით უტიაშვილის შეფასებით, სებ-ის ახალი ციფრული პლატფორმა მომხმარებლებს ფინანსური პროდუქტების შედარებაში და არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება, რაც საბოლოოდ ბაზარზე კონკურენციის ზრდასაც შეუწყობს ხელს.

როგორც დავით უტიაშვილი გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-ზე" განმარტავს, პლატფორმაზე თავმოყრილია ყველა ძირითადი საბანკო პროდუქტი, რომლითაც მომხმარებლები სარგებლობენ. მათ შორისაა: ანაბრები, საგადახდო სერვისები, ბარათები, გადარიცხვები და ვალუტის კონვერტაცია.

მისივე ცნობით, ახალ ვებგვერდზე მომხმარებელს შეუძლია, სხვადასხვა ბანკის შეთავაზებები ერთმანეთს შეადაროს და ფილტრების საშუალებით კონკრეტული ფინანსური პროდუქტი, ან გადახდის მეთოდი შეარჩიოს.

"მოსახლეობის დაახლოებით 3 მლნ ადამიანი ფინანსურ სერვისებს იყენებს, ანუ ფინანსური სექტორი ჩვენი ყოველდღიურობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება. მეორე მხრივ, საჭიროა ყველა მომხმარებელს ჰქონდეს შესაძლებლობა, დაინახოს ეს ხარჯები რა უჯდება. მაგალითად, როდესაც მაღაზიაში ნაღდი ანგარიშსწორების ნაცვლად ბარათით ვიხდით, ხშირად ამ პროცესთან დაკავშირებულ ხარჯებს ვერ ვხედავთ. ამასთან, შესაძლოა, ჩვენი კომერციული ბანკისგან შეთავაზება გვქონდეს, მაგრამ კონკურენტ ბანკს კიდევ უფრო უკეთესი პირობები ჰქონდეს. ინიციატივის მიზანია, მომხმარებელმა დაინახოს აღნიშნული ხარჯები და ალტერნატიული შესაძლებლობებიც", - აცხადებს დავით უტიაშვილი.

ამასთან, როგორც ფინანსური სექტორის წარმომადგენელი განმარტავს, აღნიშნული პლატფორმა ბანკებს შორის კონკურენციას გაამძაფრებს.

"ვებსაიტზე ბანკები განთავსებულია მათი საუკეთესო შეთავაზებების მიხედვით. ცხადია, მომხმარებელი პლატფორმაზე როდესაც შევა ბანკების სიას რიგითობის მიხედვით პირდაპირ დაინახავს. ველოდებით, რომ ბანკები, რომლებიც სიის ქვედა ნაწილში იქნებიან მეტად მოტივირებული გახდებიან, რათა მომხმარებელს კონკურენტზე უკეთესი შეთავაზება გაუკეთონ", - აცხადებს დავით უტიაშვილი.

ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა საგადახდო მომსახურების ტარიფებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების შედარების პლატფორმა 16 ივლისს აამოქმედა.

გამოგვყევით