ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის, დავით უტიაშვილის შეფასებით, სამომავლოდ სებ-ის ახალ ციფრულ პლატფორმაზე საკომისიოებსა და დეპოზიტებთან ერთად ინფორმაცია სესხების შესახებაც განთავსდება.
როგორც დავით უტიაშვილი გადაცმა "ბიზნესი რუსთავი 2-ზე" განმარტავს, სესხები უფრო კომპლექსური პროდუქტია, რადგან მათთან დაკავშირებულია სხვადასხვა ტიპის საკომისიო, ვადიანობა და სხვა პირობები. სწორედ ამიტომ, ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის დაემატება პლატფორმას სესხების შესახებ ინფორმაცია.
"ვებსაიტზე განთავსებულია ინფორმაცია - საკომისიოებზე, გადახდის ტარიფებზე, ვალუტის კურსზე, ანაბრებზე. ასევე ჩვენი მომხმარებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია სესხი, დაახლოებით 2 მლნ მსესხებელი რეგულარულად სარგებლობს ამ მომსახურებით. შესაბამისად მათთვის სესხის საპროცენტო განაკვეთი ფინანსურად დიდი ტვირთია - ყველას აინტერესებს. ამ ყველაფერზე ვმუშაობთ, მაგრამ სესხები უფრო კომპლექსური პროდუქტია - რამდენიმე ტიპის საკომისიოა, სხვადასხვა ვადიანობა, ამიტომ დრო დაგვჭირდება. თუმცა მომავალში როგორიცაა საერთაშორისო პრაქტიკა ვებგვერდზე საკომისიოებსა და დეპოზიტებთან ერთად, სესხებზეც გვექნება ინფორმაცია განთავსებული. ახლა წინასწარი თარიღის დასახელება რთულია, თუმცა გვინდა სწორად და ჯანსაღად გავაკეთოთ", - აცხადებს დავით უტიაშვილი.
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა საგადახდო მომსახურების ტარიფებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების შედარების პლატფორმა 16 ივლისს აამოქმედა.