ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი - NODI, რომელმაც ადგილობრივ ბაზარზე სწავლების ტრადიციული მეთოდები სრულად შეცვალა, ფართოვდება.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ NODI-ის თანადამფუძნებელმა, ქეთი ბურდულმა განუცხადა, მოლაპარაკებებს აწარმოებენ სკოლებთან, რათა მათი პლატფორმა ხელმისაწვდომი კიდევ უფრო მეტი ბავშვისთვის გახდეს.
„კონკრეტულ სკოლებთან პარტნიორობის ფარგლებში, მათი მოსწავლეები ისარგებლებენ სპეციალური ფასით. გარდა ამისა, თუ ამჟამად NODI მოსწავლეებს მხოლოდ მათემატიკის შესწავლაში ეხმარება, ახალი სასწავლო წლიდან, პლატფორმას უკვე ინგლისური ენის გაკვეთილებიც დაემატება. შემდგომ ეტაპზე კი, საგნების სია კიდევ უფრო გაფართოვდება იმის მიხედვით, თუ რა მოთხოვნა იქნება მოსწავლეებისა და მათი მშობლების მხრიდან. ჯერჯერობით, ჩვენი პლატფორმა მე-4 კლასიდან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეებზეა მორგებული“, - აღნიშნა NODI-ის თანადამფუძნებელმა.
ქეთი ბურდულის ინფორმაციით, NODI -მ ოპერირება სულ რაღაც 1 თვეა დაიწყო და მის საქმიანობას უკვე ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ცნობისთვის, NODI ეროვნულ კურიკულუმზე მორგებული, პერსონალიზებული სწავლების პლატფორმაა, რომელიც მოსწავლესთან ინტერაქციით აფასებს მის ცოდნას, პოულობს კონკრეტულ ხარვეზებს და შემდეგ, ინდივიდუალურად უმზადებს სასწავლო მასალებს, დავალებებსა თუ ახსნა-განმარტებებს. NODI თითოეულ მოსწავლეს საკუთარ სასწავლო ტრაექტორიას უქმნის და ზუსტად იმ საკითხების დაძლევაში ეხმარება, სადაც მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება.