Galt & Taggart-ი 2026 წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელი დატოვებას პროგნოზირებს. ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის თვის ეკონომიკურ მიმოხილვაშია აღნიშნული.
"2026 წლის 29 ივლისს, საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8.25%-ზე შენარჩუნება არსებულ მაკროეკონომიკურ ფონზე სრულიად ლოგიკური ნაბიჯია. სებ-ის მონაცემებით, ივნისში ინფლაციის 5.8%-მდე ზრდა ძირითადად ენერგომატარებლების ფასებით იყო განპირობებული, მაშინ როცა საბაზისო ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს რჩებოდა, ეკონომიკური ზრდის მთავარი მამოძრავებელი კი კვლავ მაღალი პროდუქტიულობის მომსახურების სექტორები იყო, რაც მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლას ზღუდავდა.
შესაბამისად, მარეგულირებელმა მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე პოლიტიკის გამკაცრების საჭიროება არ არსებობდა, თუმცა მიანიშნა, რომ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის პოზიცია შედარებით ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება. ამასთან, სებ-ს მზადყოფნა აქვს, პოლიტიკა კიდევ უფრო გაამკაცროს, თუ ინფლაციის მეორე რაუნდის ეფექტები და ინფლაციური მოლოდინები გაძლიერდება.
პროგნოზი, რომ პოლიტიკის განაკვეთი 2026 წლის განმავლობაში უცვლელი დარჩება, რეალობასთან სრულ თანხვედრაშია,"-ნათქვამია მიმოხილვაში.