logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ზაფხულის სეზონზე ნაყინის რეალიზაცია 5%-ით გაიზარდა" - "თოლია"

ნაყინის მწარმოებელი კომპანია "თოლიას" მარკეტინგის მენეჯერის, სანდრო ლომთაძის ინფორმაციით, ზაფხულის სეზონზე პროდუქციის რეალიზაცია წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 5%-ით გაიზარდა.

სანდრო ლომთაძე "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, რომ აღნიშნული ზრდის მაჩვენებელი ახალი ფილიალების გახსნას უკავშირდება.

"კონკრეტულად რომელიმე სახეობის ნაყინზე განსაკუთრებულად გაზრდილი მოთხოვნა არ გვაქვს - ზრდა მთლიან ასორტიმენტზე თანაბრად ნაწილდება. მომხმარებლებს მთლიანი ასორტიმენტი მოსწონთ, მათ შორის "სენდვიჩი", ოჯახური შეფუთვა, ჭიქის ნაყინი და ა.შ.

ნედლეულს ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე სამხრეთ აფრიკიდან, ბრაზილიიდან ვყიდულობთ, ადგილობრივი ნედლეულის წილი ძალიან მცირეა. ჩვენი იმპორტირებული ნედლეული მაღალი ხარისხით გამოირჩევა, რაც კომპანიის კონკურენტუნარიანობას ზრდის. ამჟამად, "თოლიას" წარმადობას ვერ დავაკონკრეტებ. შემიძლია გითხრათ, რომ პროდუქცია აქტიურად იყიდება, ხოლო ასორტიმენტის გაზრდას ჯერჯერობით არ ვაპირებთ - შევხედავთ რა შედეგი გვექნება და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. მომავალ წელს ახალ ობიექტებს აუცილებლად დავამატებთ, თუმცა დამატებით ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ მოგაწვდით.

გამოწვევების შესახებ, რომ გესაუბროთ ნაყინის ინდუსტრიაში მთავარი გამოწვევა სეზონურობის შემცირებაა. სანაყინეები უნდა განვითარდეს, რაც სეზონურობის შემცირებას ნაწილობრივ ხელს შეუწყობს.

მაღალ კონკურენციას, რომ გავუმკლავდეთ სხვადასხვა ხაზით ვმუშაობთ მათ შორისაა - ასორტიმენტის გაზრდა, პროდუქციის მაღალი ხარისხი და ა.შ", - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, კომპანია "თოლია" ქართულ ბაზარზე 27 წელზე მეტია ოპერირებს და ნაყინის, დაახლოებით, 60-მდე სახეობას აწარმოებს. კომპანიაში დასაქმებული 400-ზე მეტი ადამიანია.

გამოგვყევით