logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ჩირინა" წარმოების 30%-ით გაზრდას გეგმავს - კომპანია ₾2 მლნ-ის ინვესტიციის განხორციელებას განიხილავს

ქათმის ხორცისა და ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი კომპანია „ჩირინა“ (ბრენდი „ბიუ-ბიუ“) წარმოების გაფართოებას გეგმავს. კომპანია დაახლოებით 2 მილიონი ლარის ინვესტიციის განახორციელებას განიხილავს, რის შედეგადაც მომდევნო წლის მეორე კვარტლიდან, კომპანიის წლიური წარმადობა დაახლოებით 30%-ით გაიზრდება.

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, ინვესტიცია ახალი საწარმოო ხაზების დამატებას არ ითვალისწინებს და ძირითადად არსებული პროდუქციის კატეგორიებში ასორტიმენტის გაფართოებას მოხმარდება.

"კომპანია წარმადობას და შესაბამისად, ასორტიმენტის ზრდას გეგმავს. დაახლოებით 2 მლნ ლარის ინვესტიციას განვახორციელებთ. ახალი პროდუქტები დაგვემატება არსებულ კატეგორიებში და რაიმე ახალი ხაზის დამატებას არ ვგეგმავთ. გაზრდილი წარმადობით კომპანია მომდევნო წლის მეორე კვარტალიდან დაიწყებს მუშაობას", - აცხადებს რევაზ ვაშაკიძე. 

კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, წარმოების გაფართოების პარალელურად „ჩირინა“ ამ ეტაპზე საცალო ქსელის გაფართოებას არ გეგმავს და ახალი ფილიალების გახსნა დღის წესრიგში არ დგას. მისივე თქმით, კომპანიას ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე 75 ფილიალი აქვს.

ცნობისთვის, შპს „ჩირინა” 2011 წელს ბიზნესმენმა რევაზ ვაშაკიძემ დააარსა. დღეისათვის ის ყველაზე დიდი, ვერტიკალურად ინტეგრირებული მეფრინველოების ფერმაა საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე კომპლექსი აერთიანებს ინკუბატორს, საკვებ ქარხანას, წყალგამწმენდ სადგურს, ასევე მიწებს, სადაც სიმინდი და ხორბალი მოყავთ. პროდუქტის ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფად ფუნქციონირებს მარცვლეულის საშრობი და შესანახი სათავსოები.

გამოგვყევით