ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, კასპის ტექნოპარკში, ჰაკათონი ENERGOHACK 2026-ი გაიმართა და ჟიურიმ საუკეთესო პროექტები გამოავლინა. გამარჯვებულ გუნდს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსგან საკუთარი იდეის შემდგომი განვითარებისთვის 10,000 ლარიანი გრანტი გადაეცა.
ჰაკათონი 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა 60-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. პროექტის მიზანი იყო ენერგეტიკის დარგში არსებული სექტორული პრობლემების მოკვლევა და ინოვაციური, ტექნოლოგიური მიდგომების გამოყენებით მათი გადაჭრის გზების (პროტოტიპების) პოვნა. მონაწილეებს უწყვეტ რეჟიმში დახმარებას უწევდნენ გამოცდილი მენტორები, რომელთა მხარდაჭერითაც იდეები რეალურ პროექტებად და სტარტაპ კონცეფციებად იქცა. ჰაკათონის სხვადასხვა ნომინაციაში რჩეულ გუნდებს პროექტის პარტნიორმა კომპანიებმა სპეციალური საჩუქრები გადასცეს.
ENERGOHACK 2026-მა გააერთიანა ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლები, ინჟინრები, პროგრამისტები, დიზაინერები და ტექნოლოგიური მეწარმეობით დაინტერესებული ახალგაზრდები, რაც ხელს შეუწყობს ახალი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობას. ჰაკათონი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია რეგიონებში ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისა და ენერგეტიკის სექტორში თანამედროვე ციფრული გადაწყვეტების დანერგვის კუთხით.
პროექტს მხარს უჭერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი), გენერალური სპონსორია ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი, პარტნიორი კომპანიები: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, GREDA, VDC, ჰანიველ ცემენტი, სოკარი, საქართველოს განახლებადი ენერგია.