საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის, თამარ წერეთლის ინფორმაციით, ენერგეტიკა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
როგორც თამარ წერეთელი გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განმარტავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს, როგორც ტრადიციული ენერგეტიკის მიმართულებით სასწავლო კურსებს, ასევე ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის პროგრამებს. მისივე ცნობით, სტუდენტების მხრიდან ენერგეტიკის მიმართულებით მაღალი ინტერესი ფიქსირდება.
"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო სკოლის განვითარება მუდმივად ეფუძნება პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას. ჩვენი მიზანია ისეთი სპეციალისტები მოვამზადოთ, რომლებიც კონკურენტუნარიანები იქნებიან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო შრომის ბაზარზე. შესაბამისად, ძირითადი სტრატეგია, მათ შორის ენერგეტიკის ფაკულტეტის მიმართულებით ისეთი სასწავლო პროგრამების შეთავაზებაა, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პრაქტიკულ სწავლებაზეა დაფუძნებული. ასევე, დღეს მწვანე ენერგეტიკა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო ლაბორატორიები აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, რათა სტუდენტებმა მიიღონ არა მხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული გამოცდილებაც", - აცხადებს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი.
ამასთან, თამარ წერეთელი სასწავლო დაწესებულებაში მიმდინარე პროცესებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საინჟინრო მიმართულებით სასწავლო პროგრამების განახლებისა და აკრედიტაციის პროცესი მიმდინარეობს.
"განახლებული პროგრამების ფარგლებში სავალდებულო სტაჟირების კომპონენტის დამატება იგეგმება. სტუდენტები სტაჟირებას პარტნიორ კომპანიებში გაივლიან, რაც შესაძლებლობას მისცემთ, თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი იქნება როგორც სტუდენტებისთვის, ასევე დამსაქმებლებისთვის.
რაც შეეხება მიღებას, სტუდენტების მხრიდან ენერგეტიკის მიმართულებით მაღალი ინტერესი გვაქვს. ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ "ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის" პროგრამა საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის. დეკემბერში ამერიკელი ექსპერტების ვიზიტს ველოდებით - იმედია, პროგრამა ABET-ის აკრედიტაციას მიიღებს. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ექვსი პროგრამა ექნება, რომელიც ამერიკული საინჟინრო აკრედიტაციის სტანდარტებითაა აღიარებული", - ამბობს თამარ წერეთელი.
აღნიშნულ საკითხზე გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა, ქეთევან ქუთათელაძემაც ისაუბრა. მისი თქმით, ტექნიკურ უნივერსიტეტში ლაბორატორიების განვითარებისა და განახლებისთვის ბიზნესთან თანამშრომლობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს.
"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საინჟინრო და სამეცნიერო მიმართულებების განვითარება. ჩვენ შევისწავლეთ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილება, მათ შორის ლაბორატორიების განვითარებისა და განახლების მიმართულებით. ანალიზმა აჩვენა, რომ პროცესში ინდუსტრია აქტიურადაა ჩართული და დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი დაახლოებით 20–25% სწორედ ბიზნესისა და სახელმწიფოს მხარდაჭერაზე მოდის. მსგავსი თანამშრომლობის გარეშე თანამედროვე ლაბორატორიების განვითარება და უახლესი სასწავლო პროგრამების დანერგვა რთულია. სწორედ ამიტომ გვინდა, ბიზნესთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს", - აცხადებს ქეთევან ქუთათელაძე.