თუ ყველაფერი შეფერხებების გარეშე განვითარდა უსადენო "პეისმეიკერის" (კარდიოსტიმულატორი) კლინიკურ კვლევებს ადამიანებში, სავარაუდოდ, 3-4 წელში დავიწყებთ, - ამის შესახებ სტარტაპი Cardiostim-ის დამფუძნებელმა გიორგი ქარაბაკმა "ბიზნესპარტნიორს" განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია ახალი მოწყობილობა თავდაპირველად ქართულ ბაზარზე გამოჩნდება, თუ უცხოურ ბაზრებზე.
"ჩვენი მიზანი ინოვაციური, უსადენო "პეისმეიკერის" (კარდიოსტიმულატორი) შექმნაა. ვვითარდებით და წინ მივიწევთ. უკვე ცხოველებშიც ჩავატარეთ ცდები, თუმცა ცდები, რომ გავაგრძელოთ უსაფრთხოების ფაზები უნდა გავიაროთ, რათა საბოლოოდ მოწყობილობამ პაციენტს ზიანი არ მიაყენოს. ჩვენ მრჩევლები გვყავს აშშ-ში, რომლებიც გვეხმარებიან ამ ეტაპების გავლაში.
იმის შემდეგ, რაც მოწყობილობის უსაფრთხოება დამტკიცდება, შემდეგ უშუალოდ მოწყობილობის დეტალები და მასალები შემოწმდება. აღნიშნულის შემდეგ კი გვექნება შესაძლებლობა კლინიკური კვლევები ადამიანებში დავიწყოთ", - აცხადებს გიორგი ქარაბაკი.
რაც შეეხება ინვესტიციებს, თავდაპირველად სტარტაპმა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 150 000 ლარიანი გრანტი მიიღო, თუმცა შემდგომში დაფინანსების მოცულობა გაიზარდა. კომპანიის განვითარებაში მონაწილეობა ამერიკელმა მრჩევლებმაც მიიღეს და სტარტაპში ინვესტიცია განახორციელეს, რომლის მოცულობაც ამ ეტაპზე დაახლოებით ნახევარ მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
ცნობისთვის, ახალი ტიპის "პეისმეიკერი" გულის ღრუში განთავსდება და მისი მთავარი ფუნქცია იქნება გულის რიტმის კონტროლი. კერძოდ, საჭირო დროს ელექტრული იმპულსების მიწოდებით გულისცემის რეგულირება. გიორგი ქარაბაკის ინფორმაციით, დღეს არსებულმა "პეისმეიკერმა" შესაძლებელია ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა გართულება გამოიწვიოს, გარდა ამისა, მას დაახლოებით, 8-10 წელში ქირურგიული ჩარევით შეცვლა სჭირდება, ხოლო ახალი "პეისმეიკერის" შემთხვევაში აღნიშნული პრობლემები აღმოიფხვრება.