სასტუმრო "შაორის" გენერალური მენეჯერის, ირაკლი ჯმუხაძის ინფორმაციით, რაჭაში საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროების დეფიციტია, რაც არასაკმარისი საინჟინრო ინფრასტრუქტურითაა განპირობებული.
როგორც ირაკლი ჯმუხაძე "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, მაგალითად, შაორის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზიფიცირება და ცენტრალიზებული წყალმომარაგება არ არის, რაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მისივე შეფასებით, აღნიშნული პრობლემები პოტენციურ ინვესტორებს მსხვილი ინვესტიციების განხორციელებისგან აფერხებს.
"მომხმარებლის მოთხოვნასთან ერთად ყოველწლიურად იზრდება კოტეჯების, სასტუმროს ტიპის ობიექტებისა და რესტორნების რაოდენობა. უნდა აღინიშნოს, რომ ბაზარს საკმაოდ კარგად ინვენტარიზებული და კეთილმოწყობილი კოტეჯები ემატება. თუმცა, საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროების, ასევე ხარისხიანი კვების ობიექტების დეფიციტი ნამდვილად არსებობს. მაგალითად, ჩვენი სასტუმროს მსგავსი ტურისტული ობიექტი რაჭაში მხოლოდ ორია. ამ ეტაპზე აქ ისეთი მასშტაბის სასტუმროს აშენება, როგორიც Radisson-ია რთულია, რადგან შესაბამისი კომუნიკაციები არ არსებობს - არ გვაქვს გაზი და ცენტრალიზებული წყალმომარაგება. შესაბამისად, ეს საკითხები აუცილებლად საჭიროებს მოწესრიგებას.
ჩვენ ადგილობრივები ვართ და საკუთარი ინვესტიციით უზრუნველვყავით სეზონზე წყლისა და ელექტროენერგიის უწყვეტი მიწოდება. წყალი მთიდან გვაქვს ჩამოყვანილი, თუმცა ეს რესურსიც ყოველთვის საკმარისი არ არის და მისი უწყვეტად მიწოდებისთვის დიდი ძალისხმევის გაწევა გვიწევს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით აღნიშნული პრობლემების მოგვარება დღის წესრიგში არ დგას, თუმცა იმედი გვაქვს, რომ მომავალში ვითარება გაუმჯობესდება. ბიზნესს რაც შეეხება, როდესაც ადგილზე არ არის გაზი და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა, მსხვილი ინვესტიციის განხორციელება ბევრისთვის სარისკოა. გზის ინფრასტრუქტურის მიმართულებით პრობლემები საბედნიეროდ, არ გვაქვს", - აცხადებს სასტუმროს გენერალური მენეჯერი.
შეგახსენებთ, რომ HSC Group Hospitality-ის დირექტორმა გიორგი დოლიძემ 18 ივნისს "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში აღნიშნა, რომ გასააქტიურებელია სვანეთისა და რაჭის მიმართულება, რადგან ამ რეგიონებში ჯერ კიდევ შეინიშნება საშუალო და მაღალი კლასის ბრენდული სასტუმროების დეფიციტი.
ცნობისთვის, სასტუმრო "შაორი" ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, შაორის ტბის მიმდებარედ მდებარეობს და 26 ნომრისგან შედგება. ტურისტული ობიექტი სეზონურად ოპერირებს - მუშაობას მაისში იწყებს და ოქტომბრის ბოლოს ასრულებს.