ქართული სტარტაპი KLIPY -ს GIF-ების სერვისით, მთელ მსოფლიოში, უკვე 10 ათასამდე აპლიკაცია სარგებლობს.
როგორც საქართველოს რადიოს პირდაპირ ეთერში, რუბრიკა „ბიზნესპარტნიორის“ ფარგლებში, სტარტაპის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ბოლო 8 თვეში, KLIPY ძალიან სწრაფი ტემპით გაიზარდა და 800 ინტეგრაციიდან 10 ათას ინტეგრაციამდე ავიდა.
„იმ ცნობილ აპლიკაციებს შორის კი, რომლებშიც KLIPY -ს სერვისებია ინტეგრირებული, პოპულარული აპლიკაცია BeReal-იც არის. ვთანამშრომლობთ Microsoft - თანაც. გარდა ამისა, ამ ეტაპზეც, ათობით საერთაშორისო აპლიკაციასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ინტეგრაციაზე“, - განაცხადა KLIPY -ს ოპერაციულმა დირექტორმა გიორგი ჩხეიძემ.
მისივე თქმით, თვეობით მიდის მუშაობა იმაზე, რომ თუნდაც 1 აპლიკაციასთან შედგეს თანამშრომლობა და გაფორმდეს ხელშეკრულება.
სტარტაპის წარმომადგენლების ინფორმაციითვე, KLIPY-ის სამომავლო გეგმებშია საკუთარი სერვისების „ფეისბუკ მესინჯერში“ ინტეგრაციაც.
ცნობისთვის, Klipy ბაზარზე 4 წელია ოპერირებს და მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, შექმნას ისეთი კონტენტი, როგორებიცაა: GIF-ები, სტიკერები ან მოკლე ვიდეო კლიპები, რომელთა გაზიარებაც მარტივად არის შესაძლებელი მესინჯერებსა, თუ სხვა აპლიკაციებში. ამ ეტაპისთვის, სტარტაპის ე.წ ბიბლიოთეკაში 8 მილიონამდე GIF-ია და ეს მონაცემი ყოველდღიურად იზრდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ცოტა ხნის წინ, KLIPY-მ 4 მილიონამდე დოლარის დაფინანსება მოიპოვა Google-ის ხელოვნური ინტელექტის ფონდისა და სხვა ვენჩურული კაპიტალის კომპანიებისგან. სტარტაპი აღნიშნულ ინვესტიციას საკუთარი პლატფორმის გასაზრდელად გამოიყენებს.
მსოფლიოში, ამჟამად, სულ 3 კომპანია ოპერირებს, რომელიც ბაზარს GIF-ების სერვისს სთავაზობს. აქედან, 2 კომპანია ამერიკულია, ერთი კი - სწორედ ქართული სტარტაპი KLIPY-ია.