სურამში მდებარე სასტუმრო "ლოჯიანდროს" დამფუძნებლის, მადონა ხაჩიძის ინფორმაციით, საკონფერენციო დარბაზზე ყველაზე მაღალი მოთხოვნა სკოლებიდან მოდის. როგორც მადონა ხაჩიძე "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, სივრცეს ყველაზე ხშირად სკოლები იკავებენ. ობიექტზე მოსწავლეები პედაგოგებთან ერთად მიმდებარე სოფლებიდან, მუნიციპალიტეტებიდან ჩადიან და ადგილზე სხვადასხვა საგანმანათლებლო აქტივობასა და მეცადინეობებში მონაწილეობენ.
სასტუმროს დამფუძნებლის ცნობით, საქმიანი ტურიზმის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი მიმართულებაა.
მისივე ცნობით, ამ ეტაპზე სასტუმრო უამინდობის გამო 50%-იანი დატვირთვით მუშაობს. ამასთან, ტურისტულ ობიექტზე სტუმრების უმეტესობა ადგილობრივი დამსვენებელია, თუმცა სასტუმროს ხშირად უცხოელი ვიზიტორებიც სტუმრობენ, მათ შორის გერმანიიდან, საფრანგეთიდან და აშშ-დან.
"სასტუმროს გარდა, აუზი და საკონფერენციო დარბაზიც გვაქვს. ამ ეტაპზე გაფართოებას არ ვგეგმავ, რადგან ახლა ჩემთვის პრიორიტეტია, ვიზიტორებს მაღალი ხარისხის მომსახურება შევთავაზო. სეზონურად ვმუშაობთ - საქმიანობას მაისში ვიწყებთ და სექტემბრის ჩათვლით აქტიურები ვართ. წინასწარი ჯავშნებიც გვაქვს, მაგალითად, ივლისის თვის ნომრების დაახლოებით 50%-ი უკვე დაჯავშნილია.
ჩვენი სტუმრების უმეტესობა ადგილობრივი დამსვენებელია, თუმცა უცხოელი ვიზიტორებიც ხშირად გვყავს. განსაკუთრებით აქტიურობენ გერმანელები, რამდენიმე კვირის წინ კი ფრანგებსაც ვუმასპინძლეთ. როგორც წესი, უცხოელი ვიზიტორები ჩვენთან 3-4 დღით ჩერდებიან. ადგილობრივ სტუმრებს შორის განსაკუთრებით აჭარიდან ჩამოსულები სჭარბობენ, სურამს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო კლიმატის გამო ირჩევენ. რაც შეეხება აზიელ სტუმრებს, ისინი სურამში შედარებით იშვიათად ჩამოდიან. პირადად მე მხოლოდ ერთხელ მყავდა იაპონელი ვიზიტორები.
საკონფერენციო დარბაზის გამოყენება ხშირი არ არის, შეიძლება თვე გავიდეს და არავინ დაიკავოს. თუმცა, მისით დაინტერესებულები ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები არიან. მაგალითად, გასულ წლებში ხშირად სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები ჩამოდიოდნენ, ახლა ბოლო 3 წელია უფრო სკოლის მოსწავლეები იკავებენ. ჩვენი საკონფერენციო დარბაზი 30 ადამიანს იტევს. ზოგადად, ქვეყანაში საქმიანი ტურიზმის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი მიმართულებაა", - აცხადებს სასტუმროს მფლობელი.
მადონა ხაჩიძე სურამში არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ აუცილებელია რეგიონში უფრო მეტი სასტუმრო და დასასვენებელი კომპლექსი აშენდეს, რათა ბიზნესგარემო გაჯანსაღდეს.
"გამოწვევების მხრივ, ინფრასტრუქტურულ პრობლემებს გამოვყოფდი, მათ შორის გზების მდგომარეობას. თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტის მხრიდან ეტაპობრივად მიმდინარეობს სხვადასხვა სამუშაო. იმედი მაქვს, მომავალში სურამში უფრო მეტი სასტუმრო და დასასვენებელი კომპლექსი აშენდება, რაც ბიზნესგარემოს გააჯანსაღებს", - ამბობს სასტუმრო "ლოჯიანდროს" დამფუძნებელი.
ცნობისთვის, სურამში მდებარე სასტუმრო "ლოჯიანდრო" 9 ნომრისგან შედგება.