ქართული სტარტაპ პლატფორმა NODI მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზის მეშვეობით სკოლის მოსწავლეების ცოდნის დონეს, ხარვეზებსა და სწავლის თავისებურებებს განსაზღვრავს.
როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" პლატფორმა NODI-ის დამფუძნებელი, ქეთევან ბურდული აღნიშნავს, თანამედროვე რეალობაში პერსონალიზებული სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია და მაღალი ეფექტურობით გამოირჩევა.
ქეთევან ბურდულის განმარტებით, ამ ეტაპზე პლატფორმა მათემატიკაზეა ორიენტირებული, რადგან კვლევების შედეგად დადგინდა, რომ სკოლის მოსწავლეებისთვის ეს საგანი ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს.
"საგაკვეთილო პროცესში, როდესაც კლასში 20-25 მოსწავლეა პედაგოგმა მაქსიმალურად ეფექტური სასწავლო გარემო შექმნას პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც იცით, ერთმა მასწავლებელმა თითოეულ მოსწავლეს განსხვავებული სწავლების მეთოდი, დავალებები და ინდივიდუალური მიდგომა უნდა შესთავაზოს. სწორედ ამიტომ მივიჩნიეთ, რომ პერსონალიზებული სწავლება ეფექტურ შედეგს მოიტანდა. ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს შევთავაზოთ გარემო, რომელიც მათ ნიჭსა და შესაძლებლობებს გააღვივებს.
ჩვენს პლატფორმაზე მოსწავლის საწყის ცოდნას სპეციალური შემაფასებელი ტესტის მეშვეობით ვადგენთ. ხოლო მიღებული შედეგების საფუძველზე შესაბამის გაკვეთილებსა და საშინაო დავალებებს ვქმნით. NODI გათვლილია მოსწავლეებისთვის მეოთხე კლასიდან მეათე კლასის ჩათვლით. პლატფორმა იმით გამოირჩევა, რომ მომხმარებელს მის საჭიროებებზე მორგებულ სასწავლო მასალას სთავაზობს და პროგრესზე მუდმივად ადაპტირდება. კერძოდ, ყოველი გაკვეთილის დასრულების შემდეგ ვაფასებთ მოსწავლის შედეგებს და ვადგენთ საკითხებს, რომლებიც დამატებით მუშაობას საჭიროებს. მოკლედ, პლატფორმა მოსწავლის საჭიროებებს რეალურ დროში ერგება.
ამ ეტაპზე ძირითად აქცენტს მათემატიკაზე ვაკეთებთ, რადგან როგორც მოსწავლეების, ისე მშობლების შეფასებით, სწორედ აღნიშნული საგანია ყველაზე მეტად პრობლემური. ვიწყებთ მათემატიკით, თუმცა ეტაპობრივად ყველა იმ საგანს დავამატებთ, რასაც მოსწავლეები სკოლის პერიოდში სწავლობენ. სერვისის ღირებულება მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება", - აცხადებს ქეთევან ბურდული.
ცნობისთვის, ქართული ინოვაციური საგანმანათლებლო პლატფორმა NODI 2026 წლის დასაწყისში დაფუძნდა.