მცხეთაში, საერთაშორისო ვიზიტორების დამატებითი ნაკადების მოსაზიდად, ახალმა ტურისტულმა ატრაქციამ დაიწყო ოპერირება. საუბარია „მცხეთა რივიერაზე“, რომელიც კატერ-პონტონს წარმოადგენს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Mtskheta Riviera-ს დამფუძნებელმა, ლელა წიკლაურმა განუცხადა, პონტონი სტუმრებს მდინარე მტკვარზე, დაახლოებით, 30-წუთიან გასეირნებას სთავაზობს, რა დროსაც მათ მცხეთის კულტურულ მემკვიდრეობას სხვა რაკურსით ათვალიერებინებს.
„სულ 3 კვირაა, რაც გავიხსენით და საკმაოდ მაღალია ინტერესი როგორც უცხოელების, ისე ადგილობრივი მომხმარებლების მხრიდან. ვფიქრობ, ეს ბიზნესი კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს, მცხეთის - როგორც მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას და ამ რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას“, - აღნიშნა ლელა წიკლაურმა.
მისივე თქმით, მსგავსი ტიპის ტურისტული ატრაქცია, მთელ მსოფლიოში, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს საერთაშორისო ვიზიტორებს შორის.
„როდესაც „მცხეთა რივიერას“ დაარსების იდეა გაგვიჩნდა მე და ჩემი ოჯახის წევრებს, ჩავატარეთ კვლევა და ბაზარიც შევისწავლეთ. მოგეხსენებათ, თბილისში საკმაოდ დიდი მოთხოვნაა ამ თვალსაზრისით, თუმცა მცხეთაშიც არანაკლები ტურისტი და ადგილობრივია, რომელსაც სურს გაისეირნოს და მცხეთა დაათვალიეროს მდინარე მტკვრიდან“, - განმარტა Mtskheta Riviera-ს დამფუძნებელმა.

ლელა წიკლაურმა „ბიზნესპარტნიორთან“ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ერთ პონტონზე გაჩერებას არ აპირებენ.
„მოთხოვნიდან გამომდინარე, ვგეგმავთ სხვა კატერი-პონტონის დამატებასაც. რაც შეეხება ამ ბიზნესის სეზონურობას, იქიდან გამომდინარე, რომ საბედნიეროდ, მცხეთის ბუნებრივი კლიმატი ამაში ხელს გვიწყობს და მტკვარი არ იყინება, „მცხეთა რივიერა“ ოთხივე სეზონზე მოემსახურება ვიზიტორებს“, - განაცხადა ლელა წიკლაურმა.
მისივე ინფორმაციით, ბიზნესიდეის განხორციელებაში ხელი „წისქვილი ჯგუფმა“ შეუწყო და ამჟამად, „მცხეთა რივიერა“ სწორედ მცხეთის „წისქვილშია“ განთავსებული.
როგორც Mtskheta Riviera-ს დამფუძნებელი განმარტავს, კატერი-პონტონი ტექნიკურად მაღალ დონეზეა გამართული. ის უზრუნველყოფილია უსაფრთხოების ყველა ნორმით და სტანდარტით. გარდა ამისა, მისი ვიზუალი მხარე სრულად მორგებულია მცხეთის ლანდშაფტსა და კონცეფციას.