ინოვაციური სტარტაპი Radix კომპანიებს უსაფრთხო განვითარებასა და მასშტაბირებაში მხარდაჭერას უწევს, რათა მათი ციფრული ინფრასტრუქტურა გამართულად მუშაობდეს და შესაძლო შეფერხებები თავიდან აიცილონ. როგორც Radix-ის თანადამფუძნებელი, ელენე ლომსაძე გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" დილის ეთერში განმარტავს, ინოვაციური სტარტაპი კომპანიებს გამოუყენებელი რესურსების ოპტიმიზაციასა და ფინანსური დანაზოგის მიღწევაში ეხმარება.
მისივე ცნობით, სტარტაპი Radix საქართველოში ათწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიებთან თანამშრომლობს, გერმანიაში კი ერთ-ერთ მსხვილ სატრანსპორტო კომპანიასთან მუშაობს, რომელიც შვიდ დამოუკიდებელ შვილობილ კომპანიას აერთიანებს.
"როდესაც კომპანიაში აპარატურული, ან ტექნიკური ხარვეზია, ხშირად ინჟინრები და კომპანიები პირველ ეტაპზე პრობლემის მოგვარებისთვის უფრო მეტ და არასაჭირო რესურსს ხარჯავენ. ეს შეიძლება გამოიხატოს cloud ინფრასტრუქტურის (cloud infrastructure) დაუგეგმავ გაფართოებაში - როდესაც ისეთი რესურსები გამოიყენება, რომლებიც რეალურად საჭირო არ არის. შესაბამისად, კომპანიას დამატებითი ფინანსური ზარალი აქვს. ჩვენ ამ მიმართულებით ვეხმარებით კომპანიებს, როდესაც აუდიტს ვატარებთ. კერძოდ, ვაფასებთ კომპანიის ინფრასტრუქტურას და თუ არსებობს გამოუყენებელი რესურსები პირდაპირ ვეუბნებით. ამ გზით Radix კომპანიებს ფინანსური დანაზოგის მიღწევაში ეხმარება", - აცხადებს ელენე ლომსაძე.
ინოვაციური სტარტაპის Radix-ის თანადამფუძნებელი სფეროში კონკურენციის შესახებაც საუბრობს და განმარტავს, რომ მსოფლიო მასშტაბით კონკურენცია საკმაოდ მაღალია.
"ამერიკაში ჩვენი მსგავსი საკმაოდ ბევრი კომპანიაა, თუმცა მათ მოქნილობა არ აქვთ. მოხარულები ვართ, რომ გერმანიაში უკვე გვყავს კლიენტი, რომელთანაც Radix-ს საპილოტო თანამშრომლობა აქვს. ეს მარტივი პროცესი არ არის, განსაკუთრებით გერმანიის ბაზარზე, სადაც ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დანერგვა მკაცრი რეგულაციების გამო გარკვეულ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. საქართველოში ვთანამშრომლობთ ათწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიებთან, თუმცა კონკრეტული კომპანიების დასახელებისგან თავს შევიკავებ", - ამბობს ელენე ლომსაძე.
ცნობისთვის ინოვაციური სტარტაპი Radix ადგილობრივ ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს.