logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"წელს 8 თვის მონაცემებით, რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები"

"წელს 8 თვის მონაცემებით, რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები"

1789983143

„პოზიტიური ტენდენციები გრძელდება საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები - რვა თვის მონაცემებით ადგილობრივი ექსპორტი გაზრდილია 63.5%-ით და 3,286.6 მლნ. აშშ. დოლარს უტოლდება,  ხოლო ექსპორტის მოცულობა 22%-ზე მეტადაა გაზრდილი და ასევე რეკორდულ მოცულობას - 5,422.5  მლნ. აშშ. დოლარი შეადგენს“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

აღსანიშნავია, რომ 2026 წლის აგვისტოში ექსპორტი 24.7%-ით გაიზარდა და აგვისტოს თვის რეკორდული მოცულობა 752.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ადგილობრივი ექსპორტი (რე-ექსპორტის გამოკლებით) გასული წლის აგვისტოსთან შედარებით 60.0%-ით გაიზარდა და ასევე აგვისტოს თვის რეკორდულ მოცულობა, 432.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის საგარეო ვაჭრობის ტენდენციების შეფასებისას, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა - ადგილობრივი ექსპორტის ზრდის ასეთი მაღალი მაჩვენებელი ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება იზრდება.

„მათ შორის იზრდება ის პროდუქცია, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანია და საქართველოდან გადის მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. საქართველოს მთავრობის ამოცანაა, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებას. ამ მიმართულებით, მთავრობას არაერთი სახელმწიფო პროგრამა აქვს, რომლებიც საბოლოო ჯამში, კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და პროდუქტიულობის ზრდაზეა ორიენტირებული“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ეს ყველაფერი, განაპირობებს ერთი მხრივ, იმ შედეგებს, რომელიც საგარეო ვაჭრობის კუთხით ფიქსირდება, მეორე მხრივ კი ხელს უწყობს ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის ზრდას და საბოლოო ჯამში ეკონომიკური ზრდის შედეგებში აისახება.

„საქართველოში უკვე მე-6 წელია, მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციები გრძელდება და ჩვენი მოლოდინია, რომ აღნიშნული ტენდენციები მომდევნო თვეებსა და წლებში შენარჩუნებული იქნება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

გამოგვყევით