ხორბლის იმპორტზე გადასახადი დაწესდება. სექტორი მთავრობის შესაბამისი დადგენილების მოლოდინშია. დოკუმენტით უნდა განისაზღვროს ვადები, იმასთან დაკავშირებით თუ რა პერიოდის განმავლობაში იქნება ხორბლის იმპორტზე საბაჟო გადასახადი.
როგორც "ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" ხელმძღვანელი “ბიზნესპარტნიორთან” საუბრისას განმარტავს, გადაწყვეტილების მიზეზი ჩასაბარებელი ხორბლის ფასის დაბალი ფასი და იმპორტის მასშტაბური ზრდის რისკები იყო.
„საქართველოში წელს ხორბლის ჩაბარების ფასი დაბალი იყო, რაც გამოწვეულია იმით, რომ რუსეთიდან ხორბლის გატანა შავი ზღვის პორტების მეშვეობით, შეფერხებულია. ჩარჩენილი, 30 მლნ ტონა ხორბალი აწვება იმ რეგიონებს, რომელთანაც რუსეთს სახმელეთო საზღვარი აქვს. მათ შორის არის საქართველო, აზერბაიჯანი და შუა აზიის ქვეყნები. წლევანდელ სეზონზე იმპორტირებული ხორბლის ფასი 60-65 თეთრის ფარგლებში იყო, წისქვილში მოტანით, მაგრამ საფურაჟე ხორბლის ღირებულება ჩამოსული იყო 50-55 თეთრის ფარგლებში. აქედან გამომდინარე იქნა მიღებული ეს გადაწყვეტილება,“-აღნიშნა ლევან სილაგავამ.
მისივე ინფორმაციით, საიმპორტო გადასახადი ერთ ტონა ხორბალზე 100 ლარი იქნება, ანუ კილოგრამზე - 10 თეთრი.
„ამის მიზნობრიობა არის ის,რომ ჩაბარების ფასი აიწიოს. თუმცა, აქ მნიშვნელოვანია რამდენ ხანს იმოქმედებს დადგენილება. უნდა ვიცოდეთ რა მოცულობის ხორბალია ჩასაბარებელი. ჩვენ ჩვენი მოხმარების მხოლოდ 20%-ს ვაკმაყოფილებთ. შესაბამისად, იმპორტი დაგვჭირდება. სავარაუდოდ, საიმპორტო გადასახადის ოპტიმალური ვადა იქნება ორი თვე, მაგრამ ტენდენციები ერთ თვეში გამოისახება,“-აღნიშნა ლევან სილაგავამ.
მისივე განმარტებით, ხორბალზე საბაჟო გადასახადის დაწესება საქართველოში პურის ფასს არ გააძვირებს.
„პურის ფასთან მიმართებაში არავითარ უარყოფით ტენდენციას არ ველოდებით. ბოლო ოთხი-ხუთი თვის განმავლობაში პირველი ხარისხის ფქვილის ფასი ჩამოსულია 60-58 ლარიდან 46 ლარამდე. თუკი, ამ გადაწყვეტილებამ იმოქმედა ფქვილის ფასზე და ის გაიზარდა, ეს მაინც ვერ შეცვლის ფასს, რადგან მეპურეებს აქვთ გარკვეული ზღვარი. შესაბამისად, 58 ლარის ფარგლებში თუ შენარჩუნდება ფქვილის ღირებულება, ეს პურის გაძვირებაზე გავლენას ვერ მოახდენს.“-აღნიშნა ლევან სილაგავამ.
მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია რომ იმ კომპანიებს, რომლებსაც დადგენილების გამოქვეყნებამდე ხორბლის იმპორტთან დაკავშირებით კონტრაქტები აქვთ, პროდუქტის შემოტანის საშუალება მიეცეთ. ასევე აუცილებელია ისიც, რომ იმპორტი არ შეფერხდეს, რადგან მარტო ქართული ხორბლით ვერ იფქვება ფქვილი, რომელიც კონდენციით მეპურეებს აკმაყოფილებს.
მისივე განმარტებით, არსებობს რისკი, რომ რუსეთიდან გაიაფებული ხორბლის ფქვილის აქტიური ექსპორტი დაიწყოს.
„ამ შემთხვევაში წისქვილკომბინატებს შეექმნებათ პრობლემა და გაჩერებულ წისქვილკომბინატებში თავისთავად შეფერხდება ადგილობრივი ხორბლის ჩაბარებაც. შესაბამისად, არ უნდა დავუშვათ, რომ არაკონკურენტული გარემოთი მოხდეს საქართველოში ფქვილის აგრესიული იმპორტი, რაც წისქვილსაც და ფერმერების ჩაბარებასაც პრობლემას შეუქმნის.“- აღნიშნა ლევან სილაგავამ.