კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება მხოლოდ წარსულის დაფასებას არ ნიშნავს, ეს არის მისი გაცოცხლება, ხელახალი გააზრება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა. სწორედ ამ იდეის გარშემო გააერთიანა თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებისადმი მიძღვნილი მრავალმხრივი პროექტი „გაზაფხული კვლავ მოვა“, რომელმაც ქართული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ავტორის ხმა, ისტორია და შემოქმედება თანამედროვე აუდიტორიას ახალი ფორმით გააცნო.
პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული მხარე ანიმაცია გახდა, რომელიც ინოლას ავტობიოგრაფიულ ტექსტებსა და მუსიკაზე დაყრდნობით შეიქმნა. ანიმაციის მთავარი იდეა არა მხოლოდ ინოლას ისტორიის მოყოლა, არამედ მისი ხმისა და სათქმელის გაცოცხლებაა - იმ სურვილის შესრულება, რომელიც თავად დატოვა: „იმღერეთ ჩემი სიმღერები, რომ ცოცხალი ვიყო.“
Windfor’s-ის კონცეფციითა და Pocket Studio-ს, ანა ჩუბინიძისა და მისი გუნდის ხელით შექმნილი ანიმაციით, გაცოცხლდა ინოლას მოგონებები: მისი სოფელი, ოდა, ოთახი, საყვარელი ნივთები და ის სამყარო, რომელმაც მისი შემოქმედება შთააგონა. თითოეული დეტალი საარქივო ფოტოებისა და ოჯახური ისტორიების საფუძველზე აღდგა, რის შედეგადაც შეიქმნა ნამუშევარი, რომელიც მაყურებელს ინოლას შინაგან სამყაროში ამოგზაურებს.
ინოლა გურგულიას მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი მისი უნიკალური საარქივო ჩანაწერების გამოცემა გახდა. თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გამოიცა შვიდი ვინილისგან შემდგარი კოლექცია, რომელიც 100 საარქივო აუდიოჩანაწერს აერთიანებს. ამ ჩანაწერების ნაწილი აქამდე უცნობი იყო ფართო საზოგადოებისთვის. ოჯახში დაცული იშვიათი მაგნიტოფირის ფირებიდან აღდგენილი მასალა მსმენელს შესაძლებლობას აძლევს, ინოლას ხმა და შემოქმედება განსაკუთრებული სიახლოვით მოისმინოს.
ინოლას მუსიკა კვლავ გაცოცხლდა, 27 მაისს, მისადმი მიძღვნილ კონცერტზეც, სადაც სხვადასხვა თაობის მუსიკოსებმა და ოჯახის წევრებმა მისი სიმღერები ახალი ინტერპრეტაციებით შეასრულეს. ეს იყო მუსიკალური საღამო, რომელმაც კიდევ ერთხელ დაარწმუნა მსმენელი, რომ ინოლა გურგულიას შემოქმედება არა მხოლოდ ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, არამედ ცოცხალი მემკვიდრეობაა, რომელიც დროთა განმავლობაში ახალ მნიშვნელობებს იძენს.
პროექტის ფარგლებში თიბისი კონცეპტმა ასევე ახალი სიცოცხლე შესძინა ინოლა გურგულიას ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ სიმღერას „საქანელა“. ასევე, შეიქმნა არაერთი ვიდეორგოლი, რომლებშიც ინოლას შემოქმედებას იხსენებენ მისი ოჯახის წევრები, მსახიობები, მუსიკოსები და სხვა ხელოვანები. ეს ვიდეოეპიზოდები ინოლას პიროვნებასა და შემოქმედებას სხვადასხვა პერსპექტივიდან გვაცნობს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ კვალს, რომელიც მან ქართულ კულტურაში დატოვა.
თიბისი კონცეპტი წლების განმავლობაში თანმიმდევრულად უჭერს მხარს პროექტებს, რომლებიც ქართულ კულტურას ინარჩუნებს, ავითარებს და ახალ აუდიტორიამდე მიაქვს. ინოლა გურგულიასადმი მიძღვნილი ეს ინიციატივაც სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა — მცდელობა, რომ განსაკუთრებული ხელოვანების შემოქმედება არა მხოლოდ შევინახოთ, არამედ კვლავ გავაცოცხლოთ, რათა მათი ხმა მომავალშიც ისმოდეს.